კალათბურთი

10:38 | 16.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიამ "ბასკონიას" ევროლიგაში ულიდერა

ევროლიგის XII ტურში თორნიკე შენგელიას “სასკი ბასკონიამ” ყაზანში “უნიქსი” ერთი ქულის სხვაობით, 92:91 დაამარცხა. ამ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა ქართველმა კალათბურთელმა, რომლის ზუსტი საჯარიმოების წყალობით ბასკებმა რუსეთში მნიშვნელოვანი გამარჯვება მიითვალეს.

მთლიანობაში თორნიკემ პარკეტზე 24:05 წუთი გაატარა და გუნდს 19 ქულა, 3 მოხსნა და 2 ჩაჭრა შესძინა. შენგელიამ 6-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, 11-დან კი ერთადერთი საჯარიმო ვერ გამოიყენა. რაც შეეხება სამქულიანებს – თოკომ ორი ცდიდან ერთი მოათავსა კალათში.

შენგელიას შედეგიანობით თანაგუნდელთაგან მხოლოდ შეინ ლარკინმა აჯობა (22ქ), ხოლო მეტოქის რიგებში უფრო მეტი ქულა ქუინ კოლომმა (23ქ) და კიტ ლანგფორდმა (28ქ) ჩააგდეს.

სხვათა შორის, “უნიქსთან” მატჩის საუკეთესო კალათბურთელად “ბასკონიას” გულშემატკივართა აზრით, შეინ ლარკინი დასახელდა, რომელმაც ხმათა 48% მიიღო, მეორე ადგილზე კი თორნიკე შენგელია გავიდა 36%-ით.

“ბასკონიას” 12 ტურში 8 მოგება აქვს (აქედან ზედიზედ 3) და სატუნრირო ცხრილში მე-5 პოზიციას იკავებს. მომდევნო მატჩს შენგელიას გუნდი ევროლიგაში 21 დეკემბერს, “ბარსელონასთან” გამართავს.

0.13227