საქართველოს კადეტ სამბისტთა ნაკრების წევრი თორნიკე მარგველაშვილი (50 კგ) მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. 2016 წლის სეზონის უმთავრეს შეჯიბრებაზე, რომელსაც 13-14 დეკემბერს ლიმასოლმა უმასპინძლა, საქართველოს ნაკრებმა 1 ოქროს, 2 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
სამბოს საერთაშორისო ფედერაციის ვებ-გვერდის ცნობით, მარგველაშვილმა ფინალში უკრაინელი მიკოლა კულიბაბა დაამარცხა.
მიხეილ ბახბახიშვილსა (66 კგ) და ნიკა ხარაზიშვილს (78 კგ) უმაღლეს ტიტულამდე თითო გამარჯვება დააკლდათ. მესამე საპრიზო ადგილები კი დავით ბახბახიშვილმა (42 კგ), ოთარ სოზიაშვილმა (72 კგ), დიმიტრი ნასყიდაშვილმა (84 კგ) და ალექსი სვიანაძემ (+84 კგ) დაიკავეს.
მსოფლიოს ჩემპიონატზე მასპინძლის - კვიპროსის გარდა 20 ქვეყნის ნაკრები გამოვიდა.