იტალიის სერია A-ს XVI ტურის შემდგომ მეორე ადგილზე “რომა” ერთპიროვნულად დამკვიდრდა. ტურის დასკვნით და ცენტრალურ მატჩში “მგლებმა” “მილანს” აჯობეს.
რაჯა ნაინგოლანმა 62-ე წუთზე საჯარიმოს მისადგომებიდან გაისროლა და ჯანლუიჯი დონარუმას ნახტომი ამაო გამოდგა. აღნიშნულმა ეპიზოდმა კი მატჩის ბედი გადაწყვიტა. არადა, პირველ ტაიმში “როსონერის” დიდებული შანსი მიეცა დასაწინაურებლად: ჯანლუკა ლაპადულა ვოიცეხ შჩესნიმ საჯარიმოში წააქცია, ბურთთან მბიაიე ნიანგი მივიდა და... პოლონელმა შეცდომა გამოასწორა. სხვათა შორის, ნიანგმა ზედიზედ მეორე შეხვედრაში ვერ გაიტანა პენალტი. საერთოდ კი, სერია ა-სა და ლიგა 1-ში 7-დან მხოლოდ სამჯერ გაუტანია თერთმეტრიანი. საინტერესო რატომ ასრულებს ის ესოდენ საპასუხისმგებლო მომენტებში პენალტებს?! – ეგ იყო და ეგ. მერე “რომა” მეთოდურად დაეუფლა უპირატესობას. ვერ ვიტყვით, რომ ლუჩანო სპალეტის ბიჭებმა მეტოქე აშკარად დაჩაგრეს, მაგრამ ნაინგოლანმა გოლის ეპიზოდში შეასრულა ყველაფერი იდეალურად. “რომამ” ზედიზედ მეთერთმეტე საშინაო თამაში მოიგო, ისე კი, 20 მატჩია უკვე “ოლიმპიკოზე” არ დამარცხებულა.
ახლა “რომას” 35 ქულა გაუხდა და ლიდერ “იუვენტუსს” ისევ 4 ქულით ჩამორჩება. მომდევნო ტური კი, ბევრ კითხვას გასცემს პასუხს – “ჯალორისი” სწორედ ტურინში ითამაშებს. “მილანი” კვლავ მესამე ადგილზე დარჩა 32 ქულით, მაგრამ “ნაპოლი” და “ლაციო” უკვე სათოფეზე არიან. სხვათა შორის, დღეს “მილანის” სასტარტო შემადგენლობის საშუალო ასაკი 23 წელი და 243 დღე გახლდათ, რაც მიმდინარე სეზონის რეკორდია ახალგაზრდული შემადგენლობის მხრივ.
სანამ, “რომა” “მილანს” დაამარცხებდა, მანამდე “ფიორენტინამ” “სასუოლოს” ნიკოლა კალინიჩის დუბლით მნიშვნელოვანი მატჩი მოუგო. აღსანიშნავია, რომ ხორვატმა ფორვარდმა ამ სეზონში “არტემიო ფრანკიზე” პირველი გოლები მიითვალა. მათ შორის ერთი, ულამაზესი – ქუსლით შეაგდო.
“ფიორენტინა” – “სასუოლო” 2:1 (2:0)
ფლორენცია, “არტემიო ფრანკი”
მაყურებელი: 28 000
“ფიორენტინა” (4-2-3-1): ტატარუშანუ; სალსედო, როდრიგესი, ასტორი, ოლივერა; ვესინო, ბადელი; კიეზა (მილიჩი 90), ილიჩიჩი (ტელო 69), ბერნარდესკი (სანჩესი 87); კალინიჩი
მწვრთნელი: პაულო სოუზა
“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; გაცოლა (ლიროლა 62), კანავარო, აჩერბი, პელუზო; პელეგრინი, მანიანელი (მაციტელი 72), სენსი (იემელო 67); რიჩი, დეფრელი, რაგუზა
მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო
გოლები: 1:0 კალინიჩი (10), 2:0 კალინიჩი (40), 2:1 აჩერბი (76)
გაფრთხილება: სალსედო (20), ასტორი (68), კალინიჩი (90) – პელუზო (64)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (7) – 12 (6) ბურთის ფლობა: 51%-49% კუთხურები: 5:5 თამაშგარე: 2:3
მსაჯი: მიშელ ფაბრი
“რომა” – “მილანი” 1:0 (0:0)
რომი, “სტადიო ოლიმპიკო”
მაყურებელი: 31 000
“რომა” (3-4-2-1): შჩესნი; რუდიგერი, მანოლასი, ფაციო; ბრუნო პერესი (ელ შაარავი 42), დე როსი, სტროტმანი, ემერსონი; პეროტი, ნაინგოლანი; ჯეკო
მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი
“მილანი” (4-3-3): დონარუმა; აბატე, პალეტა, რომანიოლი, დე შილიო; პაშალიჩი (ჰონდა 84), ლოკატელი, ბერტოლაჩი (მატი ფერნანდესი 67); სუსო, ლაპადულა (ლუის ადრიანო 72), ნიანგი
მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა
გოლი: 1:0 ნაინგოლანი (62)
გაფრთხილება: შჩესნი (27), ემერსონი (84) - პაშალიჩი (18), პალეტა (79)
გამოუყენებელი პენალტი: ნიანგი (27, მეკარე)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (5) – 8 (6) ბურთის ფლობა: 57%-43% კუთხურები: 7:4 თამაშგარე: 5:0
მსაჯი: პაოლო მაცოლენი
ბომბარდირები: ედინ ჯეკო (“რომა”) – 12 გოლი, მაურო იკარდი (“ინტერი”) – 12, ანდრეა ბელოტი (“ტორინო”) – 11, გონსალო იგუაინი (“იუვენტუსი”) – 9, ჩირო იმმობილე (“ლაციო”) – 9.