ბოლო დროს ნიკა ქუთათელაძის შესახებ ხშირად გვიწევს წერა. შესაძლოა, ბევრმა იფიქროს, რომ ეს არაა გამართლებული, რადგან 15 წლის ბიჭის შესახებ ვსაუბრობთ, მაგრამ იმასაც ვერსად გავექცევით, რომ “პარი სენ ჟერმენის” აკადემიაში მყოფი ქართველი არამატო ჩვენი, არამედ ფრანგული მედიის ყურადღების ქვეშაცაა. არადა, მავანნი ამბობენ, თავში აუვარდება ამდენი ყურადღებაო. რამდენად სიმართლესთან დგას ყოველივე ეს, ამას მხოლოდ მომავალში გავიგებთ, მაგრამ ის კი ნამდვილად ვიცი, რომ ნიკუშა ერთი მორიდებული ბიჭია და თვითონაც არაერთხელ აღუნიშნავს, მერიდება ჩემზე ამდენს რომ საუბრობენ, ჯერაც არაფერი გამიკეთებიაო...
ახლახან მასთან საინტერესო ინტერვიუ ლესტიტისდუპსგ.ფრ-ს ვებგვერდზე გამოჩნდა. იმედისმომცემი ქართველი უცხოურ გამოცემასთან სხვადასხვა საკითხზე საუბრობს. მათ შორის, დიადი ქართული ფეხბურთის ფესვებსაც ახსენებს და ამბობს, რომ საქართველო დიდი საფეხბურთო ქვეყანაა. იქვე, საამაყო, მეოცე საუკუნის თბილისის “დინამოსაც” ახსენებს...
- ნიკა, პირველ რიგში გილოცავთ ასეთ წარმატებულ სტარტს პსჟ-ში! ელოდით ასეთ დასაწყისს და რა არის მთავარი ფორვარდისთვის?
- ყველა სპორტსმენი სეზონის დაწყების წინ მხოლოდ წარმატებულ გამოსვლაზე და მაღალ შედეგებზე ფიქრობს. მონდომობესა და შრომასთან ერთად აუცილებელია იღბალიც. რა არის ფორვარდისთვის მთავარი? – შედეგიანობა, გოლები. თუ წინა სეზონებს გადავხედავთ, შეიძლება პირდაპირ ვთქვა, რომ ველოდებოდი. თუმცა, მოედანზე მხოლოდ მე არ ვთამაშობ. ჩვენ გვყავს ძალიან კარგი მწვრთნელი, კარგი ფეხბურთელები, რომლებსაც ერთმანეთის კარგად გვესმის მოედნის გარეთ და მოედანზე. გაერთიანებულნი ვართ ჩვენი მიზნების მისაღწევად. ინდივიდუალურობასა და საშემსრულებლო ოსტატობას ასეთ შედეგებამდე მივყავართ.
სხვათა შორის, ფრანგმა ჟურნალისტმა ნიკას ყველა დროის სიმბოლური ნაკრების დასახელება სთხოვა და... თერთმეტ კაცში ქართველმა, სამი თანამემამულის ადგილი გამონახა:
ბუფონი; დანი ალვეში, რამოსი, მალდინი, კალაძე; ქინქლაძე, ზიდანი; მესი, არველაძე, რონალდო, კრიშტიანუ რონალდუ...
- რატომ დატოვეთ “ლილი”, გარდა იმისა, რომ შანსი გქონდათ პსჟ-ში გეთამაშათ?
- “ლილში” ძალიან ბედნიერ და ლამაზი წლები გავატარე. ამ გუნდმა ჩემს საფეხბურთო განათლებაში და ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში დიდი როლი შეასრულა და ამიტომ ძალიან მადლიერი ვარ. მინდა, გუნდის ყველა თანამშრომელს თბილად მოვიკითხო. მადლობა ყველას, ვინც შანსი მომცა. პსჟ-ში კი, ოჯაზური პირობების გამო გადავედი. სინჯებზე ვიყავი და დამიტოვეს.
- რა არის თქვენი მიზანი ამ სეზონში?
- ჩემი მთავარი პრიორიტებებია ჩემპიონობა და თასის მოგება პსჟ-სთან ერთად 16-წლამდე ასაკში. ასევე იმედი მაქვს, რომ პსჟ-ს 17-წლამდე გუნდშიც მოვხვდები.
- ვინ არის ის ფეხბურთელი, რომელსაც ჰგავხარ თამაშის სტილით. ბევრი თქვენში მომავალ ზლატან იბრაჰიმოვიჩს ხედავს...
- ზლატან იბრაჰიმოვიჩი ძალიან დიდი ფეხბურთელი და თავდამსხმელია. 15 წლის ბავშვისთვის რა უნდა იყოს იმაზე სასიამოვნო მოსასმენი, როდესაც ასეთ ვარსკვლავთან შედარებაა. ჩემთვის საამაყოა და კიდევ უფრო მეტ სტიმულს მაძლევს. რაც შეეხება თუ ვის ვგავარ, ვფიქრობ, ჩემი სათამაშო სტილი ყველაზე მეტად ქარიმ ბენზემას სათამაშო სტილს ჰგავს.
- თქვენ გამოგიძახეს საქართველოს 16-წლამდე ნაკრებში. ეს პატივია? და ქართველებს პსჟ აინტერესებთ?
- დიახ, მე მომივიდა მოწვევა საქართველოს 16-წლამდე ნაკრებიდან და ძალიან გამიხარდა. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი და საამაყოა მეცვას ჩემი ქვეყნის ნაკრების მაისური. დიახ, პსჟ-ს ბევრი გულშემატკივარი ჰყავს საქართველოში და ეს გასაკვირი არაა, რადგან პსჟ დიდი გუნდია. ჩემს შემთხვევაზე კი, ძალიან გახარებული ვარ, ბევრი ადამიანი მიდგას გვერდში და მინდა მათ მადლობა გადავუხადო.
- აღმოსავლეთის ქვეყნებიდან პსჟ-ში ცოტა ფეხბურთელი თუ თამაშობს... უფრო რთული მდგომარეობაა თქვენს ქვეყანაში? რა არის მთავარი განმასხვავებელი ორი ქვეყნის ფეხბურთს შორის?
- საქართველო დიდი საფეხბურთო ქვეყანაა. მაგალითად, 1981 წელს თბილისის “დინამომ” თასების მფლობელთა თასი მოიგო. ამარცხებდა ისეთ გრანდებს, როგორებიც “ფეიენოორდი”, “ლივერპული”, “ვესტ ჰემი”, “ინტერი” არიან. საქართველოში არის რამდენიმე კარგი საფეხბურთო სკოლა, რამდენიმე ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელი. გამოვყოფდი მათ ტექნიკურ შესაძლებლობებს. მთავარი განსხვავება არის ის, რომ პსჟ სხვა სიმაღლეა, განვითარების მეტი პერსპექტივაა.
- ცოტა ხნის წინ ერთ მატჩში 4 გოლი გაიტანეთ. რა გახსენდებათ კარიერაში ყველაზე კარგად აქამდე?
- რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ 4 გოლი გავიტანე. მაგრამ, მოედანზე მარტო მე არ ვყოფილვარ და ეს გუნდის დამსახურებაც იყო. მთავარი სიამოვნება გამარჯვებაა. ფეხბურთში იმაზე მეტი სიამოვნება არ არსებობს, როდესაც ყველა ერთად იგებს. რაც შეეხება საუკეთესო გრძნობას, ჯერ 15 წლის ვარ და ასეთი არ მაქვს, რადგან ვფიქრობ, ყველაფერი წინაა.
- დიდი მადლობა ნიკა! გიტოვებთ ბოლო სიტყვას...
- დიდი მადლობა სამწვრთნელო შტაბს და თანაგუნდელებს, რომ ასე თბილად მიმიღეთ. ასევე, თქვენს გამომცემლობას ყურადღებისთვის.