საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბეგი დარჩიამ თანამდებობა დატოვა. მის ნაცვლად გუნდს დროებით რევაზ ლაშხი გაუძღვება. სავარაუდოდ მომავალ წლამდე. შემდეგ კი ნაკრების ახალი თავკაცი ოფიციალურად დაინიშნება. თუმცა იქამდე, 17 დეკემბერს, ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გაიმართოს და სწორედ 17-ში გაირკვევა, ვისი ხელმძღვანელობით მიიღებს ფედერაცია ბერძენ-რომაელთა მთავარი მწვრთნელის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას.
რევაზ ლაშხი საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია, მაგრამ... ევროპის 2011 წლის ჩემპიონს და ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების ფინალისტს გასული სეზონი აშკარად ჩაუვარდა. რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის ლიცენზია ბეგი დარჩიას გაწვრთნილმა გუნდმა ექვსი წონითი კატეგორიიდან ხუთში მოიპოვა. ულიცენზიოდ კი მხოლოდ ლაშხი (59 კგ) დარჩა.