საკალათბურთო კლუბი ,,კაკტუსი’’ პირველია, რომელმაც ,,ა’’ ლიგიდან უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა. ფავორიტად ,,ვითა’’ ითვლებოდა, მაგრამ პროგნოზის საპირისპიროდ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, უმაღლესი ლიგის საგზურს ,,კაკტუსი’’ დაეუფლა.
კალათბურთელთა ხშირი ტრავმიანობის მიუხედავად, ,,კაკტუსი’’ ურიგო შთაბეჭდილებას არც სუპერლიგაში ტოვებს. ცხრა ტურის შემდეგ დებიუტანტს ცამეტი ქულა აქვს და რვაგუნდიან ჩემპიონატში მეოთხე ადგილზე იმყოფება. პირველ ტურში ,,კაკტუსმა’’ საქართველოს მოქმედ ჩემპიონ ,,ქუთაისს“ მოუგო, დანარჩენი ქულები კი უშუალო კონკურენტებთან(,,სოხუმი’’, ,,მგზავრები“, ,,ოლიმპი’’) მატჩებში აიღო.
Worldsport.ge ,,კაკტუსის’’ მთავარ მწვრთნელს, ვეტერან კალათბურთელ არჩილ ჟღენტს დაუკავშირდა და გუნდის მიმდინარე და სამომავლო გეგმებთან ერთად საქართველოს ეროვნული ნაკრების შესახებაც ესაუბრა.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის საპორტო ქალაქ სტამბოლში კალათბურთში ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის კენჭისყრის დასრულების შემდეგ ,,ბ’’ ჯგუფში საქართველოსთან ერთად ლიტვის, იტალიის, უკრაინის, ისრაელისა და გერმანიის ნაკრები გუნდები მოხვდნენ. თითოეული ჯგუფიდან მედლებისათვის ბრძოლას ოთხ- ოთხი გუნდი გააგრძელებს. არჩილ ჟღენტთან საუბარი სწორედ ამ თემით დავიწყეთ.
- როგორ შეაფასებთ ,,ბ’’ ჯგუფს და რომელ გუნდს თვლით ფავორიტად?
- ძალიან ძლიერ ჯგუფში მოვხვდით. მართალია, ყველა გუნდს შეუძლია პირველ ოთხეულში მოსახვედრად იბრძოლოს, მაგრამ ვთვლი, რომ ფავორიტები ლიტვა და იტალია არიან.
- გეთანხმებით, რომ ძლიერ ჯგუფში მოვხვდით, მაგრამ ყველაფერი ხომ შედარებითია. აღნიშნულიდან გამომდინარე, რომელ გუნდს ან გუნდებს თვლით სხვებთან შედარებით სუსტებად?
- დავიწყოთ გერმანიით. მართალია, ნაკრებში აღარ თამაშობენ ნოვიცკი და კამანი, მაგრამ მათ ჰყავთ დენის შრიოდერი. თუ ამას დავუმატებთ გერმანელებისათვის დამახასიათებელ შრომისმოყვარეობასა და დისციპლინას, მათთან იოლი გასეირნება არავის ექნება.
რაც შეეხება ისრაელს, ამ ეტაპზე მათ არ ჰყავთ გამორჩეული ვარსკვლავი, მაგრამ ჰყავთ მეექვსე მოთამაშე, ანუ ძალიან ერთგული გულშემატკივარი.
ერთი სიტყვით, სრული შემადგენლობის შეკრების შემთხვევაში ,,ბ ‘’ ჯგუფში აუტსაიდერს ვერ ვხედავ.
- ასეთ რთულ კონკურენციაში რამდენად რეალურია საქართველოს ნაკრების პირველ ოთხეულში მოხვედრა?
- საქართველოს ნაკრებმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს. ამის დამადასტურებლად ლიტვასთან ევრობასკეტ 2015-ის მერვედფინალი და იტალიასთან ბოლო ამხანაგური შეხვედრა გამოდგება. ძალიან ახლოს ვიყავით მაშინ გამარჯვებასთან, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ არ გაგვიმართლა. დარწმუნებული ვარ, თუ ტრავმებმა ხელი არ შეგვიშალა, ჯგუფიდან გასვლა არ უნდა გაგვიჭირდეს.
-,,კაკტუსის’’ შესახებ გკითხავთ. რა არის ამ სეზონში გუნდის მიზანი?
- პროგრამა მინიმუმი უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა, დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.
- გუნდის თამაშით კმაყოფილი ხართ?
- სამწუხაროდ, ხშირია კალათბურთელთა ტრავმიანობა. ჯერჯერობით, ერთი შეხვედრაც კი არ ჩაგვიტარებია სრული შემადგენლობით. ,,ქუთაისთან’’ ოთხი, ხოლო ,,მგზავრებთან’’ სამი კალათბურთელი გვაკლდა.
- რომელ გუნდებს მიიჩნევთ მიმდინარე ჩემპიონატის ფავორიტად?
-,,დინამოს’’ და ,,ქუთაისს’’. თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ამ გუნდებს შორის გაირკვევა ჩემპიონის ვინაობა.
- რას გვეტყვით ,,ქუთაისი’’-,,დინამოს’’ ბოლო შეხვედრის შესახებ, რომელიც ჩაიშალა?
- ყველა სპორტსმენისათვის კარგი და სასიამოვნოა ისეთი სავსე ტრიბუნები და ისეთი გულშემატკივრობა, როგორიც ქუთაისშია. სამწუხაროდ, ამ ყველაფერს ჩრდილს აყენებს ის ვაი -გულშემატკივარი, რომელიც მატჩს მსვლელობას ხელს უშლის. ცარიელ დარბაზში თამაში კალათბურთს ნამდვილად არ უხდება.
- მატჩის ჩაშლის ერთ-ერთ მიზეზად არაობიექტური მსაჯობა დაასახელეს...
- როგორი მსაჯობაც არუნდა იყოს, ნებისმიერი სახის შეურაცხყოფა და პარკეტზე სხვადასხვა სახის ნივთების გადაყრა მაინც არაა მისაღები.
- თქვენ რაში ხედავთ გამოსავალს?
- ამ გუნდების შეხვედრები, განსაკუთრებით ქუთაისში, ყოველთვის დაძაბულად მიმდინარეობს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ,,დინამოსა’’ და ,,ქუთაისის’’ მატჩებს მეტი სამართალდამცავი უნდა ემსახურებოდეს.
- დავუბრუნდეთ ისევ ,,კაკტუსის’’ თემას. სპონსორი თუ გყავთ?
- სამწუხაროდ არა, რადგან საქართველოში სპონსორის მოძებნა ძალიან ძნელია. ჩვენი შემოსავალი მხოლოდ ის 450 000 ლარია, რომლითაც სახელმწიფო გვაფინანსებს, როგორც სუპერლიგის მონაწილე გუნდს.