ავსტრიაში გიორგი ქვილითაიამ "რაპიდისა" და "სანქტ პიოლტენის" შეხვედრაში ტაიმ-ნახევარი ითამაშა. სასტარტოში იყო და შეცვალეს. ქვილითაიას გუნდმა 1:0 მოიგო და მეხუთე ადგილზეა.
საბერძნეთში "ვერია"-"პანეტოლიკოსი" 1:1 დასრულდა. ვერიელთა განაცხადში არ ყოფილა გიორგი ნავალოვსკი.
უნგრეთის ჩემპიონატში ბუბა დაუშვილის "დიოშდიორმა" ლიდერ "ვაშაშთან" სტუმრად 0:3 წააგო და ბოლოსწინა პოზიციაზეა. დაუშვილმა სრულად ითამაშა.
უკრაინა: ჯაბა ლიპარტიას "ზორიამ" შინ 2:3 წააგო "დნიპროსთან" და მესამე ადგილზეა. ლიპარტია 25-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა, ორჯერ სცადა შორიდან გატანა და ერთ საგოლე კომბინაციაში მიიღო მონაწილეობა.
კარგი მატჩი ჩაატარა სანდრო კობახიძემ. მისმა "ვორსკლამ" თოვლში კიევის "დინამოსთან" 2:2 ითამაშა, სანდროც შეუცვლელად გაისარჯა და ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო. ერთი გოლი მას შემდეგ გავიდა, რაც კიეველთა მეკარემ ძლივს მოიგერია ქართველის დარტყმული, დამატებაზე კი "ვორსკლას" ფეხბურთელმა გაიტანა.
კობახიძეს მეორე ტაიმის დასაწყისში გოლი არ ჩაუთვალეს (თამაშგარე), ხოლო რამდენიმე წუთში მეკარესთან პირისპირ გავიდა, დაარტყა და ოდნავ ააცილა.
"ვორსკლა" მეშვიდე პოზიციაზეა, ხოლო მეექვსეზე დავით ხოჭოლავას "ჩერნომორეცია", რომელმაც მორიგი 0:0 ითამაშა, ამჯერად "ვოლინთან". ხოჭოლავა კვლავ საიმედო გახლდათ.