მიმდინარე ჩემპიონატის მეორე წრის პირველი ტურის მესამე შეხვედრაში ერთმანეთს ერთპიროვნული ლიდერი „დინამო“ და გამოკვეთილი აუტსაიდერი „ოლიმპი“ დაუპირისპირდნენ.
მატჩის დასაწყისი „ოლიმპს“ კარგს არაფერს უქადდა, რადგან პირველივე წუთებზე „დინამო“ 10 ქულით, 12:2, დაწინაურდა. ეტყობა „დინამომ“ ნაადრევად ირწმუნა გამარჯვება და ცოტა მოეშვა. ამით ისარგებლა მეტოქემ, რომელმაც ანგარიში ჯერ გაათანაბრა და კახა ტომარაძის ზუსტი 2 ქულიანის შემდეგ მეექვსე წუთზე 13:12 დაწინაურდა. პირველი მეოთხედი „დინამოს“ გამარჯვებით დასრულდა - 21:20. მართალია მეორე მეოთხედში „დინამოს“ უპირატესობა გამოიკვეთა, მაგრამ „ოლიმპი“ სოლიდური ანგარიშით დაწინაურების საშუალებას არ აძლევდა. წუთშესვენებაზე ჩემპიონატის ლიდერი 6-ქულიანი უპირატესობით 37:31 გავიდა. მართალია მეორე ნახევარი „დინამოს“ უპირატესობით მიმდინარეობდა, რამდენჯერმე 13 ქულითაც კი დაწინაურდა, მაგრამ „ოლიმპი“ არ ნებდებოდა და რამდენჯერმე ანგარიშიც კი გაათანაბრა. საბოლოოდ, სტუმრის როლში მყოფმა „დინამომ“ საწადელს მიაღწია, 83:75 დაამარცხა მეტოქე და მიმდინარე ჩემპიონატში ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა.
„დინამოს“ გამარჯვებაში გამორჩეული წვლილი გუნდის კაპიტანმა, ცენტრალურმა თავდამსხმელმა ილია ლონდარიძემ შეიტანა, რომელმაც 23 ქულით და 13 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. ასევე კარგი შედეგი ჰქონდა მის თანაგუნდელ მიხეილ ბერიშვილს. მის ანგარიშზე 18 ქულა, 3 მოხსნა და 8 პასია. „ოლიმპის“ შემადგენლობაში ყველაზე მეტი 16 ქულა რეზო როგავამ დააგროვა.
„ოლიმპი“ – „დინამო“ 75:83 (20:21, 11:16, 21:24, 23:22)
ტურის ბოლო მეოთხე შეხვედრა რუსთავში ჩატარდება, სადაც ქვემოქართლელები „სოხუმს“ უმასპინძლებენ.