ფეხბურთი

11:48 | 30.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

მარადიული არაფერია – სუპერგადან მედელინამდე

2016 წლის 29 ნოემბერი სამუდამოდ დარჩება საფეხბურთო ისტორიაში – თუმცა, სამწუხაროდ არა დადებითი კუთხით, არამედ, როგორც ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი ტრაგედიის დღედ. ბრაზილიური “შაპეკოენსეს” ავიაკატასტროფამ მთელი მსოფლიო შეძრა და ეს გუნდი ყველას პირზე ეკერა ან აკერია.

თუმცა, საუბედუროდ ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა, როდესაც თვითმფრინავმა უამრავი ადამინის სიცოცხლე ნაადრევად დაასრულა. ჩვენ კი, ახლა მხოლოდ სპორტულ ტრაგედიებზე ვისაუბრებთ. “გრანდე ტორინო”, მიუნხენის ტრაგედია, ზამბიის ნაკრები თუ “შაპეკოენსე” – შემთხვევები, რომლებიც დავიწყებას არ მიეცემა...

ტურინი – “გრანდე ტორინო” – სწორედ ასე მოიხსენება ის გუნდი, რომელმაც არსებობა 1949 წლის 4 მაისს, ტურინის მახლობლად დაასრულა. კერძოდ, სუპერგას გორაკზე, ბაზილიკის კედელს შეასკდა თვითმფრინავი. მაშინ ბორტზე ლეგენდარული “ტორინოს” გუნდი იმყოფებოდა, რომელიც იტალიის ჩემპიონატზე ზედიზედ იგებდა. დაიღუპა ყველა ადამიანი – ეკიპაჟის 4 წევრი, სტაფის სამი წარმომადგენელი, ჟურნალისტები, მასაჟისტი, მწვრთნელი და მისი ასისტენტი. ასევე, ფეხბურთელები, მათ შორის ლეგენდარული ვალენტინო მაცოლა – სანდრო მაცოლას მამა.

მიუნხენი – 6 თებერვალი, 1958 წელი. თვითმფირნავი, რომლითაც “მანჩესტერ იუნაიტედი” ბრუნდებოდა შინ ბელგრადიდან (მატჩი, ფრედ 3:3 დასრულდა) მიუნხენში ჩამოვარდა. 23 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 8 ფეხბურთელი, სტაფის სამი წევრი და 9 ჟურნალისტი. თუმცა, გადარჩა მწვრთნელი მატ ბასბი, რომელმაც მაშინ პირობა დადო, რომ გუნდი ევროპის ჩემპიონთა თასს მოიგებდა. მან დანაპირები 10 წლის შემდეგ მართლაც შეასრულა...

ბრემენი – 28 იანვარი, 1966 წელი. იტალიის მოცურავეთა ნაკრები (7 ათლეტი) ფრანკფურტში მიემგზავრებოდა, თუმცა ლუფჰანზას თვითმფრინავმა ბრემენთან ახლოს კატასტროფა განიცადა. დაიღუპა ყველა ვინც ბროტზე იყო – 46 ადამიანი.

ანდები – 13 ოქტომბერი, 1972 წელი. ურუგვაის სარაგბო გუნდი მონტევიდეოში ბრუნდებოდა, როდესაც თვითმფრინავი fokker F27 ანდებში ჩამოვარდა. ბორტზე მყოფთაგან 12 ადამიანი მაშინვე დაიღუპა, ხოლო 11 უჭმელობისგან გარდაიცვალა. გადარჩა მხოლოდ 16 ადამიანი, რომლებიც 72 დღის შემდგომ, 1972 წლის 23 დეკემბერს იპოვეს. მათ ამ დროის განმავლობაში ადამიანების ჭამაც მოუწიათ, რომ შიმშილით არ მომკვდარიყვნენ. ისინი გაუსაძლის პირობებში, ზღვის დონიდან 3600 მეტრზე, 30 გრადუს ყინვაში იმყოფებოდნენ.

უკრაინა – 11 აგვისტო, 1979 წელი. ტუპოლევ ტუ-134 დნეპროჟენსკთან ახლოს ჩამოვარდა. 178 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ტაშკენტის “ფახთაკორის” საფეხბურთო გუნდიც იყო.

ლიმა – 8 დეკემბერი, 1987 წელი. პილოტი ცდილობს თვითმფრინავი ლიმას აეროპორტში დასვას, მაგრამ არ გამოსდის. ბორტზე იმყოფებოდნენ “ალიანსა ლიმას” ფეხბურთელები. ეს გუნდი პერუს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერადაა მიჩნეული. დაიღუპა 43 ადამიანი.

გაბონი – 1993 წლის 7 აპრილს ზამბიის ეროვნული ნაკრები დაკარში მიფრინავდა 1994 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ტურნირის ეგიდით სენეგალთან რომ ეთამაშა, მაგრამ სამწუხაროდ თვითმფრინავმა ზღვაში დაასრულა მოგზაურობა. დაიღუპა 30 ადამიანი და გადარჩა – ერთი.

რუსეთი – 2011 წლის 7 სექტემბერი. ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ჰოკეის გუნდი იაროსლავის “ლოკომოტივი” იაროსლავის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ მალევე ჩამოვარდა. იაკოვლევ იაკ-42D-ის ბორტზე იმყოფებოდნენ სტაფი და ჰოკეისტები. დაიღუპა 44 ადამიანი. გუნდი მინსკში მიფრინავდა ჩემპიონატის პირველი ტურის სათამაშოდ.

0.441898