სანქტ-პეტერბურგის “ზენიტის” ფეხბურთელებმა არტიომ ძიუბამ და იური ლოდიგინმა თურმე “კრასნოდართან” მატჩის შემდგომ გასახდელში იჩხუბეს. როგორც ინტერნეტპორტალი sports.ru იტყობინება, აღნიშნულის მიზეზი თორნიკე ოქრიაშვილის მიერ ბოლო წამებზე გატანილი გოლი გამხდარა – ამ ეპიზოდში ქართველმა საოცარი გოლი შეაგდო, მაგრამ ისიც სათქმელია, რომ მანამდე მეკარე ლოდიგინი შეცდა და სწორედ ამ ფაქტით აღშფოთდა ძიუბა, რომელმაც თანაგუნდელს შეაგინა კიდეც. სხვათა შორის, ეს მომენტი თამაშის მიმოხილვაშიც კარგად ჩანს (VIDEO).
ჰოდა, როგორც ირკვევა, ინციდენტი მოედანზე არ დასრულებულა და გასახდელშიც ჰპოვა გაგრძელება. ჯერჯერობით უცნობია რა სანქციებს დააკისრებს კლუბი ურჩ მოთამაშეებს. სხვათა შორის, “ზენიტი” ამ მატჩს 86-ე წუთზე იმავე ძიუბას გოლით იგებდა.