საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრის დუდა სანაძის "პრიმორსკამ" სლოვენიის ჩემპიონატის მერვე ტურში სტუმრად ლიდერ "ზლატოროგთან" 77:94 წააგო. მიმდინარე სეზონში ქართველის გუნდმა აღნიშნულ მოწინააღმდეგეს ვერაფერი მოუხერხა და ზედიზედ სამი თამაში წააგო.
დუდა სასტარტო ხუთეულში გახლდათ და მოედანზე გატარებულ 26:23 წუთში 19 ქულა მიითვალა. სანაძემ 9-დან 5 ორქულიანი ჩააგდო, 7 სამქულიანიდან კი მიზანში 3 წაუვიდა. ქართველმა ორი მოხსნა მიითვალა, თამაშის წესები ორჯერ დაარღვია, მის წინააღმდეგ კი სამჯერ იუხეშეს. საბოლოოდ სანაძის მარგი ქმედების კოეფიციენტი 14 გახლდათ.
სლოვენიის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში სანაძე 157 ქულით ლიდერობს და მეორე ადგილზე მყოფ "ზლატოროგის" კალათბურთელ იგორ ტრატნიკს 18 ქულით უსწრებს. სლოვენიელმა კალათბურთელმა გასულ მატჩში 22 ქულა მიითვალა.
"პრიმორსკა" 5 მოგებით და 3 წაგებით მეხუთე ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას სლოვენიის პირველობაზე სანაძის გუნდი შინ "სენჩურთან" 4 დეკემბერს გამართავს.