22 ნოემბერს სტამბოლში გამართული კენჭისყრის შედეგად ევრობასკეტის მონაწილე 24 ნაკრები ჯგუფებში განაწილდა. საქართველოს ნაკრები ისრაელის ჯგუფში მოხვდა, რომელიც მასპინძლებთან ერთად ლიტვამ, იტალიამ, გერმანიამ და უკრაინამ შეავსეს. საქართველოს ალტერნატივა იყო ფინეთის ჯგუფში მოხვედრა, სადაც ჩვენი განთესვის კალათიდან სლოვენია წავიდა და მასთან ერთად იქ თავი საფრანგეთმა, საბერძნეთმა, პოლონეთმა, ისლანდიამ და მასპინძელმა ფინეთმა მოიყარეს. საინტერესოა საქართველოს ნაკრების მთვარი მწვრთნელი აზრი ჯენჭისყრის შესახებ. ილიას ზუროსს ესპანეთში შევეხმიანეთ, სადაც ბერძენი სპეციალისტი თავის ახალ კლუბ „ბუდუჩნოსტთან“ ერთად იმყოფებოდა.
- კენჭისყრის შეფასებაზე და ჯგუფების სიძლიერეზე ლაპარაკი ჩვენი ნაკრების მდგომარეობიდან უნდა დავიწყოთ. პირველ რიგში ისაა ჩემთვის მნიშვნელოვანი, რომ მანუჩარ მარკოიშვილი და ვიქტორ სანიკიძე მწყობრში მალე ჩადგნენ და ფორმაში შევიდნენ, ხოლო სხვა მოთამაშეებმა სეზონი ტრავმების გარეშე ჩაამთავრონ. მთავარია, ყველა ჯანმრთელად იყოს, რის შემდეგაც შეიძლება ჩვენს შესაძლებლობებზე და შანსებზე საუბარი.
- საქართველოს ნაკრებს ორი ვარიანტი ჰქონდა და თქვენი აზრით, რომელ ჯგუფში ჯობდა, მოხვედრილიყო?
- ახლა იმაზე ლაპარაკი, რომელი ჯობდა, არასერიოზულია. ერთი, რომ ევროპის ჩემპიონატზე სუსტი და ძლიერი ნაკრები არ არსებობს. ყველა სუსტი და ამავდროულად ძლიერია. მეორეც, ჩვენ არ ვიცით, ვინ რა შემადგენლობას მოუყრის თავს. ტრავმების ალბათობა არსებობს, ამასთან არის კიდევ სხვა ფაქტორები, რომლის გამოც შესაძლოა, ნებისმიერი ნაკრების შემადგენლობამ სახე იცვალოს.
- გეთანხმებით, მაგრამ ხომ არსებობენ ფავორიტები...
- ზოგადად, ფურცელზე ჩამოწერილი ჯგუფებიდან ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია. თუმცა ვიმეორებ, ფავორიტობა აბსტრაქტული მცნებაა, რადგან ძალიან ხშირად მომხდარა, რომ ფავორიტებს წაუგიათ, ხოლო ის, რომელიც განწირული ჩანდა, გაუმარჯვიათ. ამიტომც ჩვენ დიდი სიფრთხილე გვმართებს. ყველა მეტოქე იმაზე მეტად უნდა შევაფასოთ, ვიდრე ის ზოგადად იმსახურებს.
- იმასაც ხომ აქვს მნიშვნელობა, როგორ მოემზადება გუნდი?
- რა თქმა უნდა, კარგად დაგეგმილი მოსამზადებელი პერიოდი დიდად განსაზღვრავს გუნდის შესაძლებლობებს. ჩვენი ნაკრების ხელმძღვანელობამ ამ მხრივ კარგი სამუშაო გასწია გასულ სეზონში და ახლაც ასეა. შეთავაზებები მიღებული გვაქვს, არის რამდენიმე ძალიან კარგი ტურნირის ვარიანტი და საბოლოო შეთანხმებას ველოდებით. ამ ეტაპზე იმის თქმა შეიძლება, რომ საქართველოს ნაკრებს არაერთ უმაღლესი დონის ნაკრებთან მოუწევს ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ პერიოდში თამაში.
- ევრობასკეტზე რა შედეგი იქნება თქვენთვის მისაღები?
- მეამაყება, რომ საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გავიყვან. მთავარი ისაა, რომ ჩვენი გუნდი ისევ უძლიერესთა შორისაა და ახლა უფრო მეტი გამოცდილებით ხვდება კონტინენტის პირველობას. რა იქნება, ევროპის ჩემპიონატზე გამოჩნდება. ვიცი, რომ ისრაელში ბევრი ქართველი ცხოვრობს და იმედი მაქვს, მხარდაჭერა არ მოგვაკლდება.
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახური