ქუთაისის “ტორპედოს” კაპიტანმა როინ კვასხვაძემ საქართველოს თასის მოგება მის კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვან ტიტულად მიიჩნია. როგორც მან თქვა, მშობლიური ქალაქის გუნდთან ტიტულის მოგებას სხვა შეგრძნება აქვს.
“ძალიან დაძაბული თამაში გამოვიდა, ისეთი, როგორიც ფინალს შეეფერება. ძალიან მიხარია და ბედნიერი ვარ, რომ “ტორპედოსთან” ერთად მოვიგე ეს ტიტული. ვულოცავ ყველას, თანაგუნდელებს, სტაფს, გულშემატკივრებს და მთლიანად ქალაქს ამ წარმატებას. როდესაც გუნდში არის ცუდი შედეგები, აუცილებელია ცვლილებები და ვფიქრობ, ჩვენთანაც მწვრთნელის ცვლილებამ შედეგი გამოიღო.
აქამდე “ზესტაფონთან” ერთად სამჯერ ვითამაშე თასის ფინალში, მოვიგე ტიტულები, მაგრამ მშობლიურ ქალაქთან ერთად გამარჯვება სულ სხვა შეგრძნებაა. ძალიან მიხარია, რომ დღეს თასი მოვიგე.
გუნდთან კონტრაქტი ჯერ კიდევ მაკავშირებს და იმედი მაქვს, რომ სეზონის ბოლოს გახანგრძლივებაზეც ვისაუბრებთ”, - განაცხადა კვასხვაძემ.
ქუთაისის “ტორპედომ” საქართველოს თასის ფინალში მარტვილის “მერანს” 2:1 მოუგო და აღნიშნული ჯილდო მესამედ დაისაკუთრა.