22 ნოემბერს, სტამბოლში ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის კენჭისყრა გაიმართება, რის შედეგადაც საქართველოს ნაკრების მეტოქეებს შევიტყობთ. წინასწარ ისეთი ვითარებაა შექმნილი, რომ ჩვენი ნაკრები ან ისრაელის, ანაც ფინეთის ჯგუფში მოხვდება. ეს იმიტომ, რომ განთესვის კალათაში საქართველოსთან ერთად მყოფი რუსეთი და უნგრეთი შესაბამისად ევრობასკეტის მასპინძელმა თურქეთმა და რუმინეთმა პარტნიორებად აირჩიეს. წესების თანახმად კი განთესვის ერთ კალათაში მოხვედრილი გუნდები ევრობასკეტის ჯგუფში ერთად ვერ მოხვდებიან. მსოფლიო კალათბურთის მმართველმა ორგანიზაცია ფიბა-მ საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის, თორნიკე შენგელიას ინტერვიუ, სადაც სწორეთ კენჭისყრაზე და საქართველოს ნაკრების პერსპექტივაზეა საუბარი.
“საქართველო მე-4 კალათაშია განთესილი, სადაც სლოვენია, უნგრეთი და რუსეთიც ირიცხებიან. ცხადია, კალათის მეზობლები ერთ ჯგუფში ვერ მოხვდებიან. მას შემდეგ, რაც თურქეთმა თანამასპინძლად რუსეთი აირჩია, ხოლო რუმინეთმა – უნგრეთი, საქართველოს და სლოვენიას არეალი შემცირდათ: ერთი მათგანი ჰელსინკში გაემგზავრება, მეორე კი – თელ ავივში.
“ცხადია, არჩევანს ისრაელის სასარგებლოდ ვაკეთებ, სადაც ბევრი ქართველი ცხოვრობს, ჰელსინკში კი ასე არაა. ქომაგები დარბაზში მრავლად მოვლენ და თავს ისე ვიგრძნობთ, როგორც – შინ. როდესაც გულშემატკივარი შენთანაა და გამხნევებს, ეს დიდებული გრძნობაა.
ასე რომ, რაც უფრო მეტი ქართველი იქნება ჩვენს გვერდით, მით – უკეთესი. საკვალიფიკაციო მატჩების დროს თბილისურ დარბაზში წარმოუდგენელი ატმოსფერო იყო. მართლაც ძნელია იმის აღწერა, რაც ამ თამაშებზე ხდებოდა, ეს კი გუნდის შედეგებზეც აისახა”, - ამბობს შენგელია.
და როგორია საქართველოს შანსები ევრობასკეტის ფინალურ ეტაპზე? ისევ თოკოს მოვუსმინოთ:
“თუკი ნაკრების ყველა წევრი ჯანმრთელად იქნა და ჩემპიონატს სასურველ კონდიციებში შეხვდა, ვფიქრობ, ერთ-ერთი ძლიერი გუნდი გვეყოლება. და თუკი სასურველი შემადგენლობით ვიქნებით, მგონი, აღარც უნდა ვიფიქროთ, რომელი მეტოქეები გვერგებიან. ბოლო-ბოლო, თუნდაც ყველაზე ძლიერ ნაკრებებს ერთ კონკრეტულ მატჩში შევხვდებით და თუკი 100%-ით დავიხარჯებით, ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
კალათბურთში ჩვეული ამბავია, როდესაც სუსტ გუნდთან აგებ თუ სასურველ დონეზე არ თამაშობ. ამასთან, თუკი მოედანზე ყველაფერს ტოვებ, ფავორიტის ძლევაც შესაძლებელია. ჩემთვის ძლიერ გუნდებთან თამაში გაცილებით სასიამოვნო და აზარტულია. მათთან გამარჯვებას სხვა გემო აქვს”.
თუ 25 წლის შენგელიას სურვილი ახდა და საქართველოს ნაკრები ისრაელთან ჯგუფში მოხვდა, მეტოქედ ლიტვის ნაკრებიც ეყოლება, რომელიც ებრაელებმა თანამასპინძლად აირჩიეს. ცხადია, ამ შემთხვევაში, მეხსიერებაში 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის ყველაზე თვალსასეირო მერვედფინალი წამოტივტივდება. მაშინ ქართველმა კალათბურთელებმა ფავორიტს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს.
თავად შენგელიამ სათადარიგოთა სკამზე ნაადრევად, 5 პერსონალური ფოლის მიღების შემდეგ გადაინაცვლა, ბალტიისპირელთა მხრიდან კი ფენომენალური მატჩი ჩაატარა იონას მაჩიულისმა, რომელმაც 34 ქულა ჩააგდო. ლიტვამ საქართველოს გაჭირვებით – 85:81 სძლია, სამიოდ დღეში კი, უკვე ფინალში თამაშობდა ესპანეთთან.
ბევრის აზრით, გასულ ევრობასკეტზე ქართველი კალათბურთელები მეოთხედფინალში გასვლას იმსახურებდნენ, თუმცა, პლეი-ოფის პირველივე ეტაპზე უხერხულ მეტოქეს გადაეყარნენ. თორნიკე ამ მოსაზრებას ნაწილობრივ ეთანხმება და თვლის, რომ იმ მატჩის მოგების შანსი მაინც იყო.
“ის თამაში დღემდე კარგად გვახსოვს. თითქმის ბოლომდე წინ ვიყავით, დასკვნით წუთებში კი ლიტვამ გვაჯობა და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. მახსოვს, მაშინ ამ წარუმატებლობის გათავისება ძალიან გვიჭირდა.
ცხადია, დიდი მნიშვნელობა აქვს, მეტოქედ რომელი გუნდი გერგება, მაგრამ ამას თავად ვერ განსაზღვრავ. სამაგიეროდ, ჩვენი თამაშის კონტროლი ხომ შეგვიძლია? ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დასახულ გეგმას მივდიოთ”.
ის, რომ შენგელია მომავალი ევრობასკეტისთვის ძალიან მოტივირებულია, ფიბა-ს ვებ-გვერდისთვის ნათქვამი მისი დასკვნითი სიტყვებიც მოწმობს:
“ჩვენ ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეოთხედ გავედით, რითაც ყველას ვეუბნებით, რომ აქ ყოფნას ვიმსახურებთ და ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრები გვყავს. მითუმეტეს, რომ თითქმის მუდმივად, ფინალურ ეტაპზე შესარჩევი ჯგუფის ლიდერის რანგში ვხვდებით.
ვფიქრობ, მოვიდა დრო, ევრობასკეტზე ჩვენი საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ. ამისთვის, ისე უნდა გავისარჯოთ, როგორც ლიტვასთან ხსენებულ მატჩში. უბრალოდ, ამჯერად, მცირედით იღბალიც ჩვენს მხარეს უნდა იყოს”.