ქუთაისის "ტორპედო" თუ მარტვილის "მერანი"? წინ საქართველოს დავით ყიფიანის თასის მორიგი ფინალია, რიგით 27-ე. ფინალი ზესტაფონის "დავით აბაშიძის" სტადიონზე 22 ნოემბერს 19:00 საათზე დაიწყება.
"მერანმა" ბოლო მატჩი პირველ ლიგაში ხობის "კოლხეთთან" ჩაატარა და საშინელ ამინდში 2:2 ითამაშა. მანამდე კი გიორგი მიქაძის გუნდს 7-მატჩიანი მოგებათა სერია ჰქონდა ჩემპიონატ-თასიანად.
"ტორპედო" ჩემპიონატის ბოლო ტურებშიც მშვენივრად გამოიყურება, თავის ჯგუფში მესამე ადგილამდე აინაცვლა და ევროტურნირებზე გასვლის შანსი არა მხოლოდ თასიდან, ჩემპიონატის გზიდანაც აქვს.
კახა ჩხეტიანი თუ გიორგი მიქაძე? ჩხეტიანს ფეხბურთელობისასაც მოუგია საქართველოს თასი. ის ხომ 90-იანი წლების ბოლოს გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ახალგაზრდა გახლდათ. შემდეგ უნგრეთისა და უკრაინის ჩემპიონატებში ითამაშა, მოგვიანებით "ზესტაფონის" კაპიტანიც გახლდათ.
სხვათა შორის, ჩხეტიანი "მერანსაც" თავკაცობდა, მერე საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბშიც მუშაობდა. "ტორპედოში" მისი მისვლა მართლაც რომ მისწრება იყო, ჩხეტიანმა რთულ მდგომარეობაში მყოფი გუნდი ჩაიბარა და წინ წამოსწია.
მიქაძე თავის დროზე "ზესტაფონს" წვრთნიდა, ასევე ასაკობრივი ნაკრების სამწვრთნელო შტაბში იყო, სფფ-ის აკადემიის ასაკობრივ გუნდსაც თავკაცობდა და "მერანში" ივნისში დაინიშნა. ფაქტია, წარმატებით მუშაობს, "მერანი" თასის ფინალშია, ეს უკვე სენსაციაა...
ორივე გუნდში არიან ფეხბურთელები, რომლებსაც "მერანშიც" უთამაშიათ და "ტორპედოშიც". მაგალითად, ნიკა საბანაძემ სწორედ "ტორპედოში" დაიგდო სახელი, ამჟამად კი მარტვილელთა საუკეთესო მეგოლეა. ქუთაისელთა ფორვარდ ლაშა კუჭუხიძეს არაერთი კარგი მატჩი ჩაუტარებია "მერანში"; გამოცდილი შოთა ბაბუნაშვილი, რომელიც 36 წლისაა, ერთი პერიოდი მარტვილელთა გუნდშიც გამოდიოდა. ასევე ექს-მერანელები არიან მაქსიმე ქვილითაია, ალექსი ბენაშვილი და ზაურ გოგუაძე.
ისტორია: "ტორპედოს" ექვსჯერ უთამაშია თასის ფინალში და ორი მოუგია - ორივეჯერ პენალტებით, 1999 წელს "სამგურალთან" და 2001 წელს "ლოკომოტივთან". ქუთათურებმა 2000 და 2002 წლებში "ლოკომოტივთან" წააგეს, 2004-ში თბილისის'"დინამოსთან" დამარცხნენ, ხოლო 2011 წელს პირველლიგელ "გაგრასთან" დამატებით დროში - 0:1.
"ტორპედოს" გზა ფინალამდე
1/16: სამგურალი - ტორპედო 1:4
გოლები: დოლიძე (2), ტუღუში (პენ), კაპანაძე
1/8: ოდიში1919 - ტორპედო 3:4
გოლები: საღრიშვილი, დოლიძე, კვერნაძე, ქიმაძე
1/4: სულორი - ტორპედო 0:1
გოლი: კვერნაძე
1/2: დინამო (თბილისი) - ტორპედო 2:3
გოლები: ტაბატაძე, ქიმაძე, დოლიძე
"მერანის" გზა ფინალამდე
1/16: მერანი - დინამო (ბათუმი) 2:0
გოლები: შულაია (2)
1/8: მერანი - დილა (გორი) 1:1 (პენ 4:2)
გოლები: წყაროზია
1/4: მერანი - კოლხეთი (ფოთი) 1:0 (დამ. დრო)
გოლი: შულაია
1/2: მერანი - ჩიხურა (საჩხერე) 3:0
გოლები: ქანთარია, წყაროზია (პენ), წოწონავა
ურთიერთშეხვედრებში „ტორპედოს“ აქვს უპირატესობა: გუნდები 15-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, აქედან 7 “ტორპედომ” მოიგო, 5 „მერანმა“, ხოლო 3 ფრედ დასრულდა. ბოლოს წლეულს 19 თებერვალს შეხვდნენ მარტვილში, "მერანმა" 2:1 მოიგო. მარტვილელთაგან დუბლი შეასრულა ვანო ხაბელაშვილმა, ქუთათურთაგან კი ოლეგ მამასახლისმა გაიტანა.
სხვათა შორის, ხაბელშვილი დააკლდება "მერანს" (ტრავმირებულია) და ასევე, ვაჟა ლომაშვილია დისკვალიფიცრებული. "ტორპედო"ამ მხრივ დანაკლისის გარეშეა.
იმედია, კარგი ფინალი იქნება, დაძაბული და საინტერესო თამაში. მოგებული ხომ გაისად ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. ცნობისთვის, პირდაპირი რეპორტაჟი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე იქნება.