კვირას, იტალიაში დიდი მატჩია - "მილანი" - "ინტერი", "დერბი დელა მადონინად" წოდებული შეხვედრა. მილანურ კლუბებს შორის მეგობრული ურთიერთობა არასდროს სუფევდა და ამ მხრივ არც ახლა შეცვლილა რამე. იტალიურმა gazzetta dello sport-მა აღნიშნულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ის გამორჩეული ფეხბურთელები გაიხსენა, რომლებსაც ორივე გუნდის რიგებში უთამაშიათ და არც ისე ცუდად. იტალიელმა ჟურნალისტებმა ხსენებული 11 მოთამაშე პოზიციების მიხედვით გაიხსენეს და საკმაოდ ძლიერი, საინტერესო სიმბოლური ნაკრებიც გამოვიდა.
აღსანიშნავია, რომ ამ გუნდში მოხვდა ჯანლუიჯი ბუფონის ბაბუა, ლორენცო, რომელიც ასევე მეკარე გახლდათ. ამავე სიმბოლურში ისეთ ლეგენდებს შეხვედებით, როგორებიც რობერტო ბაჯო, რონალდო, ანდრეა პირლო, კლარენს ზეედორფი და სხვები არიან.
იმასაც გეტვყით, რომ წყაროს ხსენებულ სიმბოლურში ბევრი დიდი ფეხბურთელიც ვერ მოხვდა. მაგალითად, ჯუზეპე მეაცა, პატრიკ ვიეირა, ედგარ დავიდსი, მარიო ბალოტელი, კრისტიან ვიერი, ტარიბო ვესტი...
gazzetta dello sport-ის გუნდი კი ასეთია:
ლორენცო ბუფონი (1949-1959 “მილანი”, 1960-1963 “ინტერი”)
ტომას ჰელვეგი (1998-2003 “მილანი”, 2003-2004 “ინტერი”)
კრისტიან პანუჩი (1993-1997 “მილანი”, 1999-2000 “ინტერი”)
ფულვიო კოლოვატი (1976-1982 “მილანი”, 1982-1986 “ინტერი”)
ფრანჩესკო კოკო (1995-1997, 1998-1999, 2000-2001 “მილანი”, 2002-2005 “ინტერი”)
კლარენს ზეედორფი (1999-2002 “ინტერი”, 2002-2012 “მილანი”)
ანდრეა პირლო (1998-1999, 2000-2001 “ინტერი”, 2001-2011 “მილანი”)
რობერტო ბაჯო (1995-1997 “მილანი”, 1998-2000 “ინტერი”)
რონალდო (1997-2002 “ინტერი”, 2007-2008 “მილანი”)
ერნან კრესპო (2002-2003, 2006-2009 “ინტერი”, 2004-2005 “მილანი”)
ზლატან იბრაჰიმოვიჩი (2006-2009 “ინტერი”, 2010-2012 “მილანი”)