ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე სამბოში, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა პაატა ღვინიაშვილმა ყველა მეტოქეს სძლია და ოქროს მედლისა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვება შეძლო.
90 კგ. წონით კატეგორიაში მოჭიდავე ღვინიაშვილმა საწყის ეტაპზე მოპოვებული გამარჯვებების შემდეგ, 1/2 ფინალში გამოცდილი სპორტსმენი ტაჯიკეთიდან კომრონშოხ უსტოპირიონი დაამარცხა, ფინალურ დაპირისპირებაში კი რუსეთის ნაკრების წევრ სერგეი რიაბოვს 5:1 მოუგო.
აღსანიშნავია, რომ პაატა ღვინიაშვილი ქართულ ჭიდაობაში საქართველოს 2-გზის ფალავანია.
ჩემპიონატის პირველ დღეს ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო ქალთა შორის 72 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ნინო ოძელაშვილმა.
სამბისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე მედლებისათვის ბრძოლა 12-13 ნოემბერსაც გრძელდება, 12 ნოემბერს იჭიდავებს საქართველოს ნაკრების ლიდერი, მსოფლიოს 3-გზის ჩემპიონი ვახტანგ ჩიდრაშვილი (57 კგ)
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური