საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა ტრავმირებული კინგსლი კომანის ნაცვლად გუნდში "მონაკოს" ნახევარმცველი ტომა ლემარი გამოიძახა. აღნიშნული ინფორმაცია საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
20 წლის ლემარი აქამდე ეროვნულ გუნდში გამოძახებული არ ყოფილა. ნახევარმცველს "მამლების" ყველა ასაკობრივ გუნდში აქვს ნათამაშები. 21-წლამდელთა ნაკრებში ლემარს 9 მატჩში ერთი გოლი აქვს გატანილი. მიმდინარე სეზონში კი ტომამ 18 შეხვედრაში გულშემატკივრები 5-ჯერ გაახარა.
საფრანგეთი 11 ნოემბერს, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში შინ შვედეთს ეთამაშება, 4 დღეში კი კოტდივუარს ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდება.