La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, მილანის „ინტერის“ ხელმძღვანელობა გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჰოლანდიელი გუს ჰიდინკისა და „ლაციოს“ ყოფილი თავკაცის, სტეფანო პიოლის კანდიდატურებს განიხილავს.
69 წლის ჰიდინკის სამწვრთნელო მოღვაწეობის ჩამონათვალი ძალიან დიდია. სხვადასხვა დროს, საკლუბო დონეზე მას პსვ-ში, „ფენერბახჩეში“, „ვალენსიაში“, მადრიდის „რეალში“, „ბეტისში“, „ჩელსისა“ და „ანჟიში“ უმუშავია, ხოლო საერთაშორისო დონეზე ჰოლანდიის, სამხრეთ კორეის, ავსტრალიის და რუსეთის ნაკრებებს წვრთნიდა. ბოლოს ჰიდინკი დროებით მთავარ მწვრთნელად „ჩელსიში“ გასულ სეზონში მუშაობდა.
„ინტერს“ უახლოეს ორ მატჩში - „საუთჰემპტონთან“ ევროპის ლიგაზე და „კროტონესთან“ სერია ა-ში, ახალგაზრდული გუნდის თავკაცი სტეფანო ვეჩი გაუძღვება და ახალი მწვრთნელის ვინაობაც ოფიციალურად მას შემდეგ გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ „ინტერი“ იტალიის ჩემპიონატში მე-12 ადგილზეა. მიმდინარე სეზონში ნაჩვენები შედეგების გამო, მილანელებმა ცოტა ხნის წინ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ფრანკ დე ბური დაითხოვეს.