“მანჩესტერ იუნაიტედის” მარჯვენაფლანგელ ანტონიო ვალენსიას ხელზე ოპერაცია გაუკეთეს. როგორც ინგლისური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, ქირურგიულმა ჩარევამ წარმატებით ჩაიარა, თუმცა როდის შეძლებს ფეხბურთელი მოედანზე დაბრუნებას ჯერჯერობით უცნობია.
ვალენსიამ ხელი “მანჩესტერ სიტისთან” ინგლისის ლიგის თასის 1/8-ფინალური მატჩში დაიზიანა (1:0), თამაშის შემდეგ ჩატარებულმა სამედიცინო გამოკვლევამ კი 31 წლის ეკვადორელს მოტეხილობა დაუდგინა და ოპერაციის ჩატარება გახდა საჭირო.
ანტონიო ვალენსია გუნდში ჟოზე მოურინიოს მისვლის შემდეგ მანჩესტერელთა ძირითადი შემადგენლობის წევრია და მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე უკვე 11 მატჩი ჩაატარა.