მარკო ვერატი და პსჟ ისევ აქტუალური თემაა. როგორც 23 წლის იტალიელი ფეხბურთელის აგენტმა დონატო დი კამპლიმ იტალიურ მედიასთან განაცხადა, არ გამორიცხავს, რომ მისი კლიენტი ზაფხულში გუნდს დატოვებს. მიზეზად კი, ბოლო დროს ვერატის ირგვლივ აგორებულ ამბებს ასახელებს.
“მარკოს გამარჯვება უნდა პსჟ-სთან ერთად, მაგრამ თუ ფრანგული მედიისგან გაგრძელდება ასეთი შეტევები, მე და მარკო სხვა შემოთავაზებებსაც განვიხილავთ – შესაძლოა პარიზი დავტოვოთ კიდეც”, - თქვა ვერატის აგენტმა დონატო დი კამპლიმ.
როგორც იტალიაში წერენ, მარკო ვერატის მიმართ ინტერესს განსაკუთრებით “იუვენტუსი” და “ინტერი” იჩენენ. აღსანიშნავია, რომ უშუალოდ მარკომ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ თავის დროზე “რეალში” გადასვლაც იუარა.
შეგახსენებთ, რომ ვერატი ერთი კვირის წინ მთავარ მწვრთნელ უნაი ემერის წაეჩხუბა, ხოლო ცოტა ხანში პაპარაცებმა სიგარეტით ხელში დააფიქსირეს – სწორედ ამ ამბავს მოჰყვა ფრანგული მედიის მხრიდან მისი კრიტიკა.