იტალიურ “მილანს” სილვიო ბერლუსკონის შემდეგ აღმასრულებელი დირექტორი ადრიანო გალიანიც ტოვებს. Gazzetta dello sport-ის ინფორმაციით, მას შემდგომ, რაც ლომბარდიული კლუბი ჩინელების ხელში საბოლოოდ გადავა, გალიანი გუნდს დატოვებს, ხოლო მის ადგილს მარკო ფასონე დაიკავებს.
ამავე გამოცემის ცნობით, რთული წარმოსადგენია გალიანიმ სხვა კლუბში იმუშავოს, თუმცა ფეხბურთიდან არ წავა – როგორც იტალიელი ჟურნალისტები ვარაუდობენ, დიდი შანსია ადრიანომ ლეგას (იტალიის საკლუბო ფეხბურთის ლიგა) პრეზიდენტის თანამდებობა ჩაიბაროს. ეს პოსტი მას 2002-2006 წლებში უკვე ეკავა.
ადრიანო გალიანის “მილანში” 30 წელზე მეტი აქვს გატარებული და გუნდის ოქროს ხანა მის სახელთანაც ასოცირდება.