ნიკოლოზ ბასილაშვილმა კარიერაში პირვეელად ტოპ 10-ის ჩოგბურთელი დაამარცხა. ბასილაშვილმა, რომელიც რეიტინგში 107-ე ადგილზეა, ავსტრიაში მიმდინარე Erste Bank Open 500-ის 1/16- ფინალში მსოფლიო რეიტინგის მე-10 ნომერი, ჩეხი ტომაშ ბერდიხი 6:4, 6:7, 7:5 დაამარცხა. შეხვედრა ორ საათსა და 36 წუთს გაგრძელდა. პირველ სეტში ნიკამ ერთი ბრეიკი გააკეთა და დაწინაურდა.
მეორე პარტიაში ქართველ ჩოგბურთელს 5 ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, თუმცა ვერცერთი გამოიყენა, ხოლო ჩეხს არც ერთი, შესაბამისად სეტი ტაი-ბრეიკამდე მივიდა, რომელიც ტომაშის გამარჯვებით 7:5 დასრულდა. გადამწყვეტ პარტიაში ნიკა 2:0 დაწინაურდა, თუმცა ბერდიხმა უკუბრეიკის გაკეთება მოახერხა.
შეხვედრის ერთ-ერთი გადამწყვეტი მომენტი 5:5-ზე იყო, როცა ნიკას ჩაწოდებაზე ბერდიხს მეტი ჰქონდა, ბასილაშვილის დარტყმულზე ხაზის მსაჯმა აუტი დაიყვირა, ნიკოლოზმა “ჩელენჯი” მოითხოვა, კომპიუტერულმა გამეორებამ ბურთის ხაზთან მილიმეტრიანი შეხება დააფიქსირა და ქართველი 6:5 დაწინაურდა. ბერდიხი შეხვედრის ტაი-ბრეიკზე გადაყვანას შეეცადა, მაგრამ პირველი ჩაწოდება არ გამოუვიდა, ბასილაშვილმაც შეუტია და საბოლოოდ ნიკამ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. საქართველოს პირველი ჩოგბურთელი მთელი მატჩის განმავლობაში უტევდა, აგრესიული იყო და რაც მთავარია დარტყმები გამოსდიოდა, ბერდიხი კი ძირითადად თავს იცავდა.
ნიკამ მერვედფინალში გასვლით უკვე 45 სარეიტინგო ქულა მოიპოვა და მეოთხედფინალში გადასვლის შემთხვევაში 90 სარეიტინგო ქულას მიიღებს. ბასილაშვილი ტურნირის 1/8-ფინალში, რეიტინგის 63-ე ნომერს, რუს კარენ ხაჩანოვს შეხვდება. ურთიერთშეხვედრებში ნიკა რუსს 2:0-ს ამარცხებს. მატჩი 26 ოქტომბერს თბილისის დროით 20:00 საათზეა ჩანიშნული.