ფეხბურთი

18:57 | 19.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

თასის ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ - ერთი პირველლიგელი უმაღლესლიგელთა გარემოცვაში

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების ნახევარფინალისტები გამოვლიდნენ, რომელთა შორის ერთი პირველი ლიგის წარმომადგენელია - მარტვილის “მერანმა”, განვლილ ეტაპებზე ბათუმის “დინამოსა” და გორის “დილას” დამარცხების შემდეგ, მეოთხედფინალში ფოთის “კოლხეთსაც” აჯობა. მარტვილში გამართული დაპირისპირების ძირითადი დრო უგოლოდ დასრულდა, დამატებით დროში კი, მასპინძლებს გამარჯვება აკაკი შულაიას მიერ 100-ე წუთზე გატანილმა გოლმა მოუტანა. აღსანიშნავია, რომ ფოთელებს თამაშის დასრულება 9 ფეხბურთელით მოუწიათ - მსაჯმა 107-ე წუთზე ლაშა გოგონაია, ხოლო ოთხ წუთში დავით ბოლქვაძე გააძევა.

პენალტების სერიაში გამოვლინდა გამარჯვებული ივანწმინდაში, სადაც “ჩუხურამ” “სამტრედიას” უმასპინძლა. უგოლოდ დასრულებული ძირითადი და დამატებითი დროის შემდეგ, თერთმეტმეტრიანების სერიაში საჩხერელებმა 5:3 იმარჯვეს და ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს.

დაძაბული გამოდგა ვანში ადგილობრივი “სულორისა” და ქუთაისის “ტორპედოს” დაპირისპირებაც. ქუთაისელებმა პირველლიგელს ოთარ კვერნაძის მიერ მატჩის დასრულებამდე 6 წუთით ადრე გატანილი ერთადერთი გოლით აჯობეს.

სხვა მეოთხედფინალური მატჩებისგან განსხვავებით, უხვგოლიანი გამოვიდა “დინამო არენაზე” გამართული დედაქალაქური დერბი. თბილისის “დინამომ” თანაქალაქელ “ლოკომოტივთან” პირველ ტაიმში შექმნილი სათამაშო უპირატესობა ოთარ კიტეიშვილის ორ გოლში ასახა. მართალია შესვენების შემდეგ “ლოკომოტივმა” სცადა თამაშის შემობრუნება და ერთი გოლიც გაქვითა, თუმცა თამაშის მიწურულს კიტეიშვილმა მესამედაც დალაშქრა მეტოქის კარი და "დინამომ" 3:1 იმარჯვა.

ამგვარად, საქართველოს თასისთვის ბრძოლას განაგრძობენ: თბილისის “დინამო”, საჩხერის “ჩიხურა”, ქუთაისი “ტორპედო” და მარტვილს “მერანი”. ნახევარფინალური ეტაპის მატჩები 2 ნოემბერს გაიმართება, ფინალი კი 22 ნოემბერს, ზესტაფონშია დანიშნული.

სულორი (ვანი) - ტორპედო (ქუთაისი) 0:1

გოლი: ოთარ კვერნაძე (84)

მერანი (მარტვილი) - კოლხეთი (ფოთი) 0:0 (1:0 დ.დ.)

გოლი: აკაკი შულაია (100)

ჩიხურა (საჩხერე) - სამტრედია 0:0 (5:3 პენ.)

დინამო (თბილისი) - ლოკომოტივი (თბილისი) 3:1

გოლები: 1:0 ოთარ კიტეიშვილი (25), 2:0 ოთარ კიტეიშვილი (38), 2:1 დავით ჩაგელიშვილი (81), 3:1 ოთარ კიტეიშვილი (90)

0.131975