აზრი თავიდანვე ორად გაიყო: ერთ მხარეს მიიჩნევდნენ, რომ მართებული გადაწყვეტილება იყო, მეორე მხარეს – არა. ვაკო ყაზაიშვილის არნემის “ვიტესიდან” ვარშავის “ლეგიაში” გადასვლას მოჰყვა სწორედ ასეთი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა ჯერჯერობით რთულია იმაზე საუბარი, რომელი შეხედულება გამართლდა.
ამ ამბიდან თვენახევრის მერე ფაქტი ასეთია: ყაზაიშვილმა “ლეგიას” გამართული 9 თამაშიდან მხოლოდ სამში ითამაშა, აქედან ორჯერ შეცვლაზე და ერთხელ სასტარტოში (ისიც სადებიუტო თამაშში). ამ დროის განმავლობაში პოლონეთის ჩემპიონმა მწვრთნელი შეიცვალა, თუმცა ვაკოს მდგომარეობა უცვლელი დარჩა – არც ძველი ენდობოდა და არც ახალი ენდობა. ხან, თანაგუნდელებს არ იცნობსო, ხან ენა არ იცისო, ხან რომელ პოზიციაზე ვათამაშოთ არ ვიცითო... მოკლედ, ათასი მიზეზი ითქვა, მაგრამ...
ისე უცნაურია, რომ იგებდეს “ლეგია” და მეტოქეებისგან ქვას ქვაზე არ ტოვებდეს კიდე მესმის, კაცი იფიქრებს, მოგებულ შემადგენლობას არ ცვლისო, მაგრამ როცა 9 თამაშიდან 7 წაგებული გაქვს და ერთადერთი მოგებით იწონებ თავს, რატომ არ უნდა მისცე შანსი სხვასაც?! – არავინ იცის, ხვალ და ზეგ რა იქნება, თუმცა დღევანდელი გადმოსახედიდან ჩანს, რომ ყაზაიშვილის “ლეგიაში” გადასვლა შეცდომა იყო, იმედია მე ვცდები და მალე შეძლებს ვაკო პოლონეთში თავის დამკვიდრებას. ახლა იმაზე ვისაუბროთ რა მინუს-პლიუსები აქვს ჰოლანდიის ერედივიზიონიდან პოლონეთის ექსტრაკლასაში გადასვლას.
უარყოფითი მხარე
ერედივიზიონი ისეთი ძლიერი ვეღარაა, როგორც 20 ან თუნდაც 10 წლის წინ, მაგრამ ფაქტია, რომ დღემდე ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის ერთ-ერთ მთავარ ტრამპლინად მიიჩნევა. არნემის “ვიტესი” კი ამ ჩემპიონატის მოწინავე გუნდებში შედის, მიუხედავად იმისა, რომ ევროპული ასპარეზის კარი ვერაფრით შეაღო (ჯგუფური ეტაპის). ყაზაიშვილის იქ კარგად იცნობდნენ, იცოდნენ მისი შესაძლებლობები და ქომაგებშიც პოპულარობით სარგებლობდა.
თავისუფლად შეიძლებოდა, ოდნავ მომატების შემთხვევაში “ვიტესიდან” რომელიმე კარგ ევროპულ გუნდში, ანაც ტოპ ჩემპიონატების საშუალო გუნდში მოხვედრილიყო. ეგეც არ იყოს, იშვიათია შემთხვევა, როდესაც ერედივიზიონიდან პროგრესირებადი ფეხბურთელი პოლონეთში წავა სათამაშოდ, თუნდაც ქვეყნის ჩემპიონში...
დადებითი მხარე
დადებით მხარედ ის შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ ვაკოს ჩემპიონთა ლიგის გამოწვევა ჰქონდა. შესაძლოა, ამ ფაქტორმაც ითამაშა მთავარი როლი მის გადაწყვეტილებაში. “დორტმუნდთან” მან სასტარტოშიც ითამაშა, მაგრამ 66-ე წუთზე შეცვალეს. თავი ვერაფრით გამოიჩინა, ან რა უნდა ექნა, როდესაც მისი გუნდი შინ გოლებს პანტა-პუნტით უშვებდა... მერე ისიც ითქვა მარცხში ყაზაიშვილია დამნაშავეო... ესეც მორიგი ნონსენსია, გუნდმა 0:6 წააგოს და დებიუტანტ ფეხბურთელზე გაიშვირო ხელი, თან შემტევზე.
ლიგაზე თამაში დადებით მხარედ კი მიიჩნევა, მაგრამ ფაქტს ვერ გავექცევით, რომ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა იაცეკ მაგიერამ ლისაბონის “სპორტინგთან” მატჩში 18 კაციან განაცხადში ვერ მოუძებნა ადგილი...
მართლა უცნაური ამბავია, გუნდი, რომელიც გავარდნის პირასაა ერთ მხარეს და მეორე მხარეს ვაკო ყაზაიშვილი, რომელსაც ფეხბურთის თამაში რომ შეუძლია, ყველამ ვიცით და ამაში ცოტა ხნის წინ სანაკრებო მატჩებშიც დაგვარწმუნა. თქვენი არ ვიცი და, მე პირადად, ყაზაიშვილის ერთი პასი მირჩევნია თორნიკე ოქრიაშვილზე, მეტოქის დაცვა რომ უსაქმოდ დატოვა, მთელ ვარშავის “ლეგიას”, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 20 წელიწადში პირველად გავიდა...