ევროლიგის პირველ ტურში შესანიშნავად ითამაშა საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა თორნიკე შენგელიამ – ესპანურმა “ბასკონიამ”, რომლის ღირსებასაც ის იცავს, თურქულ “ეფესს” საკუთარ მოედანზე დრამატულ მატჩში მოუგო ერთი ქულის სხვაობით – 85:84.
გამარჯვებულთა სასტარტო ხუთეულში იყო თორნიკე, რომელმაც პარკეტზე 29:50 წუთი გაატარა და ორმაგ დუბლამდე ერთადერთი მოხსნა დააკლდა: 16 ქულა, 9 მოხსნა. შენგელიამ 9-დან 7 ორქულიანი ჩააგდო, ოთხიდან ორი საჯარიმო, ხოლო ერთი სამქულიანი არაზუსტად ესროლა. 9 მოხსნიდან კი, 5 შეტევაში განახორციელა. აღსანიშნავია, რომ გამარჯევბის მომტანი ქულაც ქართველი კალათბურთელის ანგარიშზეა, როდესაც საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა, ბოლო შეტევა კი, თურქებმა შედეგიანად ვერ დაასრულეს და “ბასკონიამ” მოიგო.
ქართველს შედეგიანობით მხოლოდ იტალიელმა ანდრეა ბარნიანიმ აჯობა (თანაგუნდელთა შორის), ვინც 26 ქულას მოუყარა თავი, ხოლო მოხსნებში ლიდერი თორნიკე გახლდათ, თანაც ორივე გუნდის რიგებში. მატჩის MVP სწორედ ბარნიანი გახდა, მეორე ადგილზე კი, გამოკითხვის შედეგად თორნიკე გავიდა.
მომდევნო მატჩს ევროლიგაზე შენგელიას “ბასკონია” კაუნასის “ჟალგირისთან” 21 ოქტომბერს გამართავს.