ფეხბურთი

17:19 | 12.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ტიტეს ხელი, არგენტინის თავსატკივარი, ლიოვის 94-ე  

არგენტინამ სამხრეთ ამერიკის ზონაში შესარჩევი მატჩი კვლავ ვერ მოიგო და სულაც შინ წააგო პარაგვაისთან - 0:1. ეს ზედიზედ მესამე ვერმოგებული თამაშია და "ალბისელესტე" ზონაში მეხუთე ადგილზეა. 10 მატჩში მხოლოდ 11 გატანილი გოლი. ძალიან ცოტა ხომ არაა?

ბოლო თამაშებში ლეო მესი არ იყო და აი, შედეგიც. ვინც რა უნდა თქვას, მესი არგენტინის ნაკრებისთვისაც წამალივითაა. ანხელ დი მარიამაც განაცხადა, ლეოს გარეშე ძალიან გვიჭირსო. სერხიო აგუერომ კი პენალტი გააცუდა - წლეულს უკვე მეხუთედ! ჯიუტობს და მაინც ურტყამს.

ისე, მეხუთეადგილოსანი პირდაპირ ვერ გადის მუნდიალზე, ფლეი-ოფში ჭიდილი დასჭირდება. თუმცა წინ 8 ტურია და ვითომ, არგენტინა საჭოჭმანოდ გაიხდის საქმეს? დაველოდოთ.

აი, ბრაზილია კი დაფრინავს. 19 წლის გაბრიელ ჟესუსმა ისევ გაიტანა. როგორც ჩანს, "სელესაოს" აღარ დასჭირდება ფრედი, ჟო, ბერნარდი და მისთანები... ტიტე კი აქამდეც უნდა დაენიშნათ. რაც ის მწვრთნელად მივიდა, ბრაზილია ყველა თამაშს იგებს და თანაც, იგებს ლაღად, სანახაობრივი თამაშით.

გერმანიამ ჩრდილოეთ ირლანდიას 2:0 მოუგო და ეს იოაჰიმ ლიოვის 94-ე გამარჯვება იყო ნაკრების თავკაცის რანგში. ლიოვმა გაიმეორა ლეგენდარული ზეპ ჰერბერგერის რეკორდი და სავარაუდოდ, წლეულსვე მოხსნის. ისე, ჰერბერგერს 94 თამაშის მოსაგებად 162 მატჩი დასჭირდა, ლიოვს კი უფრო ნაკლები - 141.

სტეფან იოვეტიჩის გარღვევა და პასი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მომენტი იყო გუშინდელი მატჩებიდან. ჩერნოგორიამ დანიას სტუმრად 1:0 მოუგო, იოვეტიჩმა თავისი საჯარიმოდან წაიღო ბურთი, შემდეგ ორიგინალურად დატრიალდა და ბრწყინვალე პასი გაუკეთა ბეჩირაის, რომელმაც ზუსტად დაარტყა და სლავებმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს.

პოლონეთი მთელი მატჩის განმავლობაში ატალახებდა სომხეთის საჯარიმო მოედანს, მაგრამ 95-ე წუთამდე 1:1 იყო. რობერტ ლევანდოვსკიმ ბოლოს თავით გაიტანა, სომხების ნახევარმცველმა მარკოს პიზელიმ კი თამაშის დამთავრების შემდეგ მინდორზევე იტირა - ლევანდოვსკის გოლამდე ერთი წუთით ადრე პირისპირ გავიდა და ასპროცენტიანი მომენტი გააცუდა. ისე, სომხები ერთი საათის განმავლობაში 10 კაცით თამაშობდნენ.

სომხებმა სამი თამაშიდან ქულაც ვერ გამოადნეს, აი აზერბაიჯანელებს კი ხორვატმა მწვრთნელმა რობერტ პროსინეჩკიმ რა სული შთაბერა, აუხსნელია. ამჯერად ჩეხეთთან სტუმრად 0:0 ითამაშეს, სამ თამაშში 7 ქულა აქვთ და ჯერ გოლიც არ გაუშვიათ. ფიფას რეიტინგში (20 ოქტომბერს გამოქვეყნდება) 50-ეულში დაიმკვიდრებენ ადგილს.

სან-მარინომ ნორვეგიაში 1:4 წააგო, მაგრამ მაინც მიღწევაა. ბოლო 15 წლის განმავლობაში სტუმრად პირველად გაიტანა გოლი.

0.107438