ფეხბურთი

16:10 | 11.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

სანაკრებო ამბები: ფაქტები, ეჭვები და გამონათქვამები

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი ტოსტაო მიიჩნევს, რომ ნეიმარი უფრო დიდი ფეხბურთელია, ვიდრე რომარიო, რონალდო, რივალდო და კაკა. 1970 წლის მუნდიალის ერთ-ერთი გმირი ამბობს, ნეიმარს თავდამსხმელისთვის საჭირო ყველა თვისება აქვს, თუმცა დასძენს, რომ თანამედროვეობის საუკთესო მოთამაშეები ლეო მესი და კრიშტიანუ რონალდუ არიან...

ერაყის ნაკრების მწვრთნელმა რადჰი შენაიჰიმ ორიგინალური რამ მოიფიქრა. მუნდიალის შესარჩევში ზედიზედ სამი მარცხის შემდეგ, ნაკრების წარმომადგენლებმა თხა დაკლეს. ეს მოხდა საზოგადოების თავშეყრის ადგილზე... ერაყელები ფიქრობენ, რომ მსხვერპლშეწირვა იღბალს დაუბრუნებთ.

უეინ რუნის ინგლისის ნაკრების ფანებმა უსტვინეს. ეს მოხდა მალტასთან თამაშის (2:0) დროს. რუნი შოკირებული იყო ამ ამბით, ხოლო ნაკრების თავკაცმა გარეთ საუთგეიტმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ვარსკვლავი დაიცვა, ასეთ მოპყრობას არ იმსახურებდაო.

ჰოლანდიის ნაკრების თავკაცმა დენი ბლინდმა მსაჯობაზე დაიჩივლა. ჰოლანდია-საფრანგეთის მატჩის (0:1) პირველი ტაიმის ბოლოს ვინსენტ იანსენმა დაარტყა და ლორან კოშიელნის ხელზე მოხვდა ბურთი, სლოველიელმა მსაჯმა დამირ სკომინამ კი პენალტი არ დანიშნა.

"ორი აზრი არ შეიძლება იყოს, პენალტი უნდა დანიშნულიყო" - ამბობს ბლინდი.

7 მატჩი, 7 მოგება, ბურთების შეფარდება 20:0. ასეთია შვედეთი-ბულგარეთის სტატისტიკა ბოლო 7 დაპირისპირებაში. აი, ამას ჰქვია, გამოჭერილი ჰყავს და კატა-თაგვობანას ეთამაშებაო. შვედებმა ამჯერად შინ 3:0 მოუგეს ბალკანელებს, თანაც, თამაშით, როგორც იტყვიან, წალეკეს მეტოქე და გაცილებით დიდი ანგარიშითაც უნდა მოეგოთ.

შეგახსენებთ, შვედებმა 1994 წლის მუნდიალზე მესამე ადგილისთვის გამართულ შეხვედრაში 4:0 დაამარცხეს სტოიჩკოვი და კომპანია, ევრო-2000-ის ჯგუფში კი 5:0 გაანადგურეს. მერე რა, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი ნაკრებში აღარ თამაშობს, ბულგარეთი მათთვის სან-მარინოსავითაა.

არგენტინული მასმედია ნაკრების მწვრთნელ ედგარდო ბაუსას აკრიტიკებს, გუნდში ლეო მესის მეგობრებს ანიჭებს უპირატესობასო. უფრო შორსაც მიდიან, ნაკრების სასტარტო შემადგენლობას მესი აყენებსო... "ალბისელესტემ" ბოლო ორივე შეხვედრაში 2:2 ითამაშა, კერძოდ, პერუსთან და ვენესუელასთან.

0.141713