"მცხეთა პარკზე" "ვიტ ჯორჯიამ" საკონტროლო შეხვედრა გამართა და უმაღლესი ლიგის "წითელი ჯგუფის" ერთპიროვნულ ლიდერ "სამტრედიას" 1:0 მოუგო. ვიტ ჯორჯიელთა თავკაცმა თენგიზ კობიაშვილმა განაცხადში მყოფ ყველა მოთამაშეს მისცა თავის გამოჩენის საშუალება. პირველი ტაიმი მცხეთელთა სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა.
მატჩის ერთადერთი გოლი 28-ე წუთზე გავიდა. მარჯვენა ფლანგიდან კახა კახაბრიშვილმა ხელსაყრელ პოზიციაში მყოფ პაატა ღურდშაურს გადააწოდა ბურთი, რომელმაც სახიფათო ეპიზოდი გატანილი გოლით დაასრულა - 1:0. ტაიმის მიწურულს ვიტ ჯორჯიელებმა კიდევ ერთი რეალური საგოლე ეპიზოდი შექმნეს, ამჯერად გოლის გატანა კახაბრიშვილს შეეძლო, რომელიც მეკარესთან პირისპირ გავიდა, კარგადაც დაარტყა და გოლი გარდუვალიც იქნებოდა, რომ არა სამტრედიელთა მცველის გარჯა, რომელმაც კარის ხაზიდან მოახერხა ბურთის გამოტანა.
სტუმრებმა მეორე ტაიმის დებიუტში, 55-ე წუთზე, ანგარიშის გათანაბრება სცადეს, თუმცა გიორგი გამყრელიძის დარტყმული ლევან ისერგიშვილმა იოლად დაიმორჩილა. ვიტელებს ანგარიშში სხვაობის გაზრდა 56-ე წუთზე მიეცათ: ცოტნე მოსიაშვილის წინააღმდეგ თამაშისას სამტრედიელი ფეხბურთელი საკუთარ საჯარიმოში დაჯარიმდა, არბიტრმა ჯენერი ხორავამ მყისვე თერთმეტმეტრიანის ნიშნულისაკენ მიუთითა. პენალტის შესრულება საკუთარ თავზე თავად დაზარალებულმა აიღო, თუმცა მისი დარტყმული კახა მეშველიანის ნადავლი გამოდგა. აღნიშნული ეპიზოდიდან ოთხ წუთში გოლის გატანის შესაძლებლობა მიეცა ლევან ციხელიშვილს, თუმცა მან აქცენტი დარტყმის სიძლიერეზე გააკეთა და ახლო მანძილიდან კარს ააცილა. დარჩენილ წუთებში განსაკუთრებული ხიფათი არცერთი გუნდის კართან აღარ შექმნილა.
შეგახსენებთ, "ვიტ ჯორჯია" პირველ ლიგაში თავის ჯგუფში ლიდერობს.
ვიტ ჯორჯია - სამტრედია 1:0 (1:0)
ვიტ ჯორჯია: შეროზია, მუხულიშვილი, კალანდია, ჩიტიშვილი, ვაზაგაშვილი, გურამ გურეშიძე, დავლაშელიძე, ლებანიძე, ღუდუშაური, კახაბრიშვილი, დანელია
შეცვლაზე შემოვიდნენ: ისერგიშვილი, რობაქიძე, კამლაძე, გიგა გურეშიძე, ციხელიშვილი, მოსიაშვილი, ღირდალაძე, ექვთიმიშვილი, სეხნიაშვილი, მერაბიშვილი
სამტრედია: მეშველიანი, მთივლიშვილი, ცნობილაძე, იმედაშვილი, მჭედლიშვილი, ნინუა, მანჯგალაძე, ხაბეიშვილი, ჯიქია, გიორბელიძე, მარკოზაშვილი
თადარიგში მყოფი მოთამაშეები: გოგიაშვილი, შერგელაშვილი, გამყრელიძე, ზივზივაძე, მიგინეიშვილი, სტურუა