ახალგაზრდებს შორის ევროპისა და მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზვიად პატარიძემ უფროსებში პირველი საერთაშორისო ტიტული მოიპოვა. მსოფლიოს ჭიდაობის გაერთიანების ოფიციალური ვებ-გვერდის მიერ ახალგაზრდა ლომად წოდებულმა ქართველმა მძიმეწონოსანმა ყაზახეთში, ბოლატ ტორლუხანოვის მემორიალიზე საჩემპიონო გზაზე ოთხი მეტოქე დაამარცხა. ფინალამდე ყაზახი ჟალგასბაევი, რუსეთის ჩემპიონატის ფინალისტი ვიტალი შური და უზბეკი აბდულაევი საკმაოდ ადვილად ჩამოიშორა. გადამწყვეტ ბრძოლაში კი ევროპის 2015 და 2016 წლების ჩემპიონატების ბრინჯაოს პრიზიორს, ბელარუსის ნაკრების წევრ იოსებ ჩუგოშვილს დაეჭიდა და 7:4 მოუგო.
ყაზახურ ხალიჩაზე ზვიად პატარიძის გარდა, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კიდევ ორი წევრი გავიდა, მაგრამ საპრიზო სამეულები მათ გარეშე შეივსო. 21-წლამდელთა შორის მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები რამაზ ზოიძე (66 კგ) და გიორგი მელია (98 კგ) ტურნირს მეოთხედფინალიდან გამოეთიშნენ.
ტურლუხანოვის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე, რომელიც მსოფლიოს ჭიდაობის გაერთიანების ეგიდით გაიმართა, მედლები მხოლოდ ოლიმპიურ წონით კატეგორიებში: 59, 66, 75, 85, 98 და 130 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდა.