ფეხბურთი

14:10 | 9.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

F ჯგუფი: საუთგეიტს ინგლისის ნაკრებში წარმატებული დებიუტი გამოუვიდა

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურში ინგლისის ეროვნულმა გუნდმა გარეტ საუთგეიტის ხელმძღვანელობით მალტა მხოლოდ 2:0 დაამარცხა და ჯგუფში 6 ქულით ერთპიროვნულად გალიდერდა. მასპინძელთა მხრიდან გოლები დანიელ სტარიჯმა და დელი ალიმ გაიტანეს.

ახალგაზრდა სპეციალისტს ნაკრებში დებიუტი წარმატებული გამოუვიდა. გარეტი კიდევ სამ შეხვედრაში გაწვრთნის ინგლისს, შემდეგ კი "სამ ლომს" ახალი თავკაცი ეყოლება.

ამავე ჯგუფში სლოვენიამ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა სლოვაკეთთან მატჩში. ლუბლიანაში გამართულ მატჩში ერთადერთი გოლი როკ კრონავეტერმა 74- წუთზე გაიტანა და სტუმრებს მეორე მარცხი აგემა.

შოტლანდია ლიტვასთან შეხვედრაში ფავორიტი გახლდათ და მასპინძლები სამი ქულის აღებას გეგმავდნენ, თუმცა 89-ე წუთამდე 0:1-ს აგებდნენ. საბოლოოდ გორდონ სტრაჩანის გუნდი მარცხისგან "კრისტალ პალასის" ნახევარმცველმა ჯეიმს მაკარტურმა იხსნა.

მესამე ტურში შოტლანდიელებს ტრნავაში სლოვაკეთთან მძიმე მატჩი ელით. ინგლისი სლოვენიას ეწვევა და ზედიზედ მეხუთედ შეეცდება მეტოქის დამარცხებას, ყველაზე იოლი შეხვედრა კი ლიტვას ვილნიუსში მალტასთან ელის. სამივე შეხვედრა 11 ოქტომბერს თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

0.160011