საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების უკანახაზელმა დუდა სანაძემ სლოვენიის ჩემპიონატის პირველ ტურში "პრიმორსკა ლასტოვკას" რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და სკოფია ლოკას "კასტინგთან" მოგებულ (80:50) მატჩში 18:47 წუთში 15 ქულა მიითვალა.
ქართველმა ლეგიონერმა ორქულიანები 100%-ის სიზუსტით ისროლა და 4-დან 4 ჩააგდო. სამქულიანები დუდას არ წაუვიდა და 5-დან მხოლოდ 1 გამოიყენა. 4 საჯარიმო ტყორცნა კი სანაძემ ზუსტად შეასრულა. უკანახაზელს აქტივში ასევე 2 მოხსნა და 2 პასი დაუგროვდა.
დუდა სანაძეს მარგი ქმედების კოეფიციენტი 15 გახლდათ და ქართველი მხოლოდ ბოიან რადულოვიჩს ჩამორჩა (20). უნდა აღინიშნოს, რომ 24 წლის სლოვენიელს მწვრთნელმა უფრო მეტი დრო (27:09) დაუთმო და ბოიანმა ორმაგი დუბლი (10 ქულა, 10 მოხსნა) მიითვალა. ორივე გუნდის რიგებში კი ყველაზე მეტი ქულა ჩააგდო გეზიმ მორინამ (16ქ, 5მ).
მომდევნო მატჩს დომჟალელები სტუმრად სენტურში "ტაიფუნთან" ჩაატარებენ. მატჩი 15 ოქტომბერს თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.