ფეხბურთი

15:05 | 5.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

მალდინი "მილანს" ჯერ არ შეთანხმებია, პაოლოს მოთხოვნა აქვს

"მილანის" ლეგენდარული ფეხბურთელი პაოლო მალდინი მზადაა “როსონერიში” დაბრუნდეს, თუ კლუბი მას სერიოზულ პროექტს წარუდგენს. Sky Sports-ის ინფორმაციით, იტალიური გრანდის ხელმძღვანელობამ მალდინის ტექნიკური დირექტორის თანამდებობა შესთავაზა.

"მართალია, რომ მარკო ფასონეს და მასიმილიანო მირაბელის ჩემ სახლში შევხვდი. მათ ვუთხარი, რომ ჩემი მიზანია მომდევნო ხუთ წელიწადში "მილანი" კვლავ მსოფლიოს ერთ-ერთი მოწინავე კლუბი გახდეს. ჩემი საფეხბურთო ისტორია მაიძულებს, რომ უფრო ღრმად ჩავწვდე ახალი მფლობელების იდეებს და მათ პროექტებს. მე მჭირდება პირდაპირ მათგან მოვისმინო ახალი პროექტის შესახებ. თუ ჩემგან საჭირო გახდება, რომ 24 საათი ვიმუშაო და წელიწადში 365 დღე, მაშინ მინდა ვიმუშაო ნამდვილად სერიოზულ გეგმაზე.

მზად ვარ ჩემი ცხოვრება შევცვალო. გადაწყვეტილების მიღებამდე მფლობელებს უნდა ველაპარაკო. მედიაში საუბარი იყო, რომ ფინანსური მოთხოვნები მქონდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. აგრეთვე ითქვა, რომ გამოცდილება მაკლია. მთელი ჩემი ცხოვრება "მილანში" გავატარე და ტექნიკურ საკითხებში პრაქტიკა მაქვს.

მინდა, რომ ყველაფერი ნათელი იყოს: გადაწყვეტილებას "მილანის" სასარგებლოდ მივიღებ. თუ დღის ბოლოს ახალი კლუბის ნაწილი გავხდები, ეს ნიშნავს, რომ მფლობელებს ველაპარაკე და მათგან ყველაფერი მოვისმინე. თუ ჩვენ გვინდა, რომ ლიდერი კლუბი გავხდეთ, ერთად უნდა ვიყოთ და ახალი პროექტი გავიზიაროთ. ამჟამად, კლუბის შემოთავაზებას არ ვიღებ. პატივისცემას მოვითხოვ, რომელსაც ვთვლი, რომ დავიმსახურე." - ციტირებს Football Italia მალდინის სიტყვებს.

"როსონერის" ახალი მეპატრონეები ჩინელი ინვესტორების სახით ჰყავს და კლუბის ახალი ხელმძღვანელობა მზადყოფნას გამოთქვამს, მომდევნო სატრანსფერო პერიოდებში გუნდის გაძლიერებაზე იზრუნოს. ამჟამად "მილანის" შემადგენლობაში ძირითადად ახალგაზრდა მოთამაშეები ასპარეზობენ. ჯერჯერობით უცნობია მფლობლებს აქვთ თუ არა სერიოზული გეგმა თუ როგორ უნდა განავითარონ ბოლო წლებში იტალიის ჩემპიონატში საშუალო დონის გუნდად ქცეული "მილანი". ფაქტი ერთია, მალდინის კლუბის დიდების დაბრუნება სურს და მზადაა მიზნის მისაღწევად ბოლომდე დაიხარჯოს.

0.115925