ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდინიო გამოცემა Gulf News-თან საუბარში წარსულს იხსენებს და ამბობს, რომ კარიერაში ყველაფერს მიაღწია, რაც მიზნად ჰქონდა დასახული.
თუმცა, სამხრეთამერიკელი შემტევი დანანებით ამბობს, რომ ლიონელ მესისთან ერთად თამაში მცირე პერიოდი მომიწია და სასურველი იქნებოდა, უფრო მეტი დრო მქონოდაო...
“მივაღწიე ყველაფერს, რისი მიღწევაც კარიერის დასაწყისში მსურდა და ამის გამო რა თქმა უნდა, ბედნიერი ვარ. თუმცა, ლიონელ მესის გვერდით უფრო დიდხანს სიამოვნებით ვითამაშებდი. კმაყოფილი ვარ, რომ მას დავეხმარე კარიერის დასაწყისში და პირველი გოლიც ჩემი დახმარებით გაიტანა. იგი გახდა დიდი ჩემპიონი და ნამდვილად სასიამოვნო იქნებოდა, მასთან ერთად უფრო მეტ ხანს თამაში. მაგრამ, “ბარსელონაში” ჩემი ერა დასრულებული იყო და იმ პერიოდში ჩემი გუნდიდან წასვლის დრო გახლდათ დამდგარი”, - თქვა რონალდინიომ.
რონალდინიო “ბარსელონაში” მესისთან ერთად 2005-2008 წლებში ირჯებოდა, ხოლო მერე ბრაზილიელს “კამპ ნოუს” დატოვება მოუწია და სათამაშოდ იტალიურ “მილანს” მიაშურა.