სერია ა-ში, “ემპოლი”-“იუვენტუსის” მატჩში ლევან მჭედლიძემ ბოლო 25 წუთი ითამაშა. ემპოლელები 0:3 დამარცხდნენ. როცა მჭედლიძე შევიდა მინდორზე, ტურინელები უკვე სრულიად აკონტროლებდნენ თამაშს და “ემპოლი” მოშლილი იყო.
ავსტრიაში ვენის “რაპიდმა” სტუმრად “რიდთან” 2:4 წააგო და მეოთხე პოზიციაზეა. გიორგი ქვილითაიას ამჯერად მეტი სათამაშო დრო მიეცა, ვიდრე წინა შეხვედრებში: 68-ე წუთზე შეიყვანეს მინდორზე.
კვიპროსზე ირაკლი მაისურაძის “ერმისმა” სტუმრად 0:3 წააგო “კარმიოტისასთან”. ირაკლიმ შეუცვლელად ითამაშა, მისი გუნდი კი მეექვსე საფეხურზეა.
ჩეხეთში “ტეპლიცემ” 0:2 წააგო “ლიბერეცთან” და 16 გუნდს შორის, მე-11 ადგილზეა. “ტელიცეში” კვლავ სათადარიგო იყო ზურაბ ცისკარიძე და არც ამჯერად მოუწია თამაშმა.
საბერძნეთში “ვერია”-პაოკი 0:0 დასრულდა. მასპინძელთა შორის გიორგი ნავალოვსკიმ შეუცვლელად ითამაშა და საკმაოდ კარგადაც. “ვერია” 16 გუნდს შორის, მეათეზეა.
პოლონეთში ლაშა დვალის "შლიონსკმა” შინ 1:2 წააგო “ტერმალიკასთან” და მე-12 ადგილზეა. დვალმა 90 წუთი ითამაშა.
პორტუგალიაში გიორგი მაკარიძის “მორეირენსემ” “ბოავიშტასთან” 0:2 წააგო და ბოლო ადგილზეა. კარში კვლავაც მაკარიძე იდგა, ორი რთული ბურთიც მოიგერია, თუმცა გუნდი ვერ იხსნა. 0:0-ზე “მორეირენსეს” ფეხბურთელმა პენალტი ვერ გაიტანა.
რუსეთში “კრასნოდარმა” ყაზანის “რუბინს” 1:0 მოუგო. მასპინძელთა შორის 74-ე წუთზე გამოჩნდა მინდორზე თორნიკე ოქრიაშვილი, ხოლო “რუბინში” საბა კვირკველიას არ უთამაშია: სათადარიგო იყო. “ოქრის” გამოსვლამ გააქტიურა “კრასნოდარის” შეტევები, ეს რუსულმა პრესამ აღნიშნა კიდეც. კრასნოდარელები მეექვსე ადგილზე არიან, “რუბინი” კი მეათეა.
ჯანო ანანიძის “სპარტაკმა” სანკტ-პეტერბურგში 2:4 წააგო ‘ზენიტთან”. ჯანო სასტარტოში არ გახლდათ, 70-ე წუთზე შევიდა მინდორზე და ერთ ეპიზოდში მეკარემ რთული ბურთიც აუღო, თუმცა სხვა მხრივ, დიდად აქტიური არ ყოფილა.
და ბოლოს, ჯაბა ლიპარტია “ზორიას” სასტარტოში იყო და ტაიმნახევარი ითამაშა დონეცკის “შახტართან”. “ზორიამ” 0:1 წააგო და მესამე ადგილზეა.
დღესვე, ბელორუსის ჩემპიონატში მორიგი გოლი გაიტანა ვაკო გვილიამ, თუმცა ამაზე ჩვენს მკითხველს უკვე ვაცნობეთ.