ქართველი ჩოგბურთელი სოფო შაფათავა ტაშკენტის ტურნირის ძირითად ბადეში ე.წ. “იღბლიანი წაგებულის” სტატუსით მოხვდა და მოულოდნელი გამარჯვებაც იზეიმა.
“ტაშკენტ ოუფენის” საწყის რაუნდში შაფათავა თურქ კაგლა ბუიუკაკჩაის გაეჯიბრა და მსოფლიო რეიტინგში 69-ე ადგილზე ადგილზე მყოფ მოწინააღმდეგეს 6:1, 6:4 სძლია. მერვედფინალში შაფათავას მეტოქე უკრაინელი კატერინა კოზლოვა იქნება, რომელიც ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის კლასიფიკაციაში 98-ე საფეხურზეა.
ამ წარმატების წყალობით, სოფომ 42 სარეიტინგო ქულა შეიმატა და რეიტინგში წინსვლა ელის, ამჟამად კი, მას 255 ქულით 206-ე პოზიცია უკავია.
ვაჟთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინეთში შენჟენის საერთაშორისო ტურნირს (საპრიზო ფონდი 704 140 დოლარი) პირველივე წრეში გამოეთიშა. ის მე-6 ნომრად განთესილი ბენუა პაირეს გაეჯიბრა და 7:6 (7:5), 5:7, 3:6 დამარცხდა.
წარუმატებელი დღე ჰქონდა ოქსანა კალაშნიკოვასაც, ვინც ჩინურ ვუჰანში დაწყებულ საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 2 589 000 დოლარი) ლარა არუაბარენასთან ერთად ჩაება.
ქართველი და ესპანელი ჩოგბურთელები შვეიცარიელ ტიმეა ბაჩინსკის და რუს სვეტლანა კუზნეცოვას ვერ გაუმკლავდნენ – 3:6, 2:6.