მსოფლიოს საკრივო ასოციაციისა (WBA) და მსოფლიოს საკრივო ორგანიზაციის (WBO) ვერსიებით მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს - ტაისონ ფიურის სავარაუდოდ საჩემპიონო ქამრებს ჩამოართმევენ. ბრიტანელმა მძიმეწონოსანმა უკვე მეორედ მოითხოვა უკრაინელ ვლადიმირ კლიჩკოსთან მატჩ-რევანშის გადადება.
2016 წლის საკრივო სეზონის ერთ-ერთი უმთავრესი ბრძოლა ჯერ კიდევ 9 ივლისს უნდა გამართულიყო, მაგრამ მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის მოთხოვნით 29 ოქტომბრისთვის გადაიდო. მაშინ მიზეზად კოჭის ტრავმა დასახელდა. ამჯერად კი პრობლემის დაკონკრეტებისგან ფიურის შტაბმა თავი შეიკავა. მხოლოდ ზოგადი განმარტება გავრცელდა - "ბრძოლისთვის არაშესაფერისი სამედიცინო მდგომარეობა".
ბრიტანელი მძიმეწონოსნის გადაწყვეტილებას უმალ გამოეხმაურა ვლადიმერ კლიჩკოს მწვრთნელი ჯეიმს ალი ბაშირი. მან მსოფლიოს საკრივო ასოციაციასა და მსოფლიოს საკრივო ორგანიზაციას ფიურისთვის საჩემპიონო ტიტულების ჩამორთმევა მოსთხოვა. ბაშირისვე განცხადებით, ტაისონ ფიურის ქამრების დაცვა არ შეუძლია და ყველანაირად ცდილობს დროის გაწელვას. ვლადიმირ კლიჩკოსთვის კი ყოველი დღე უმნიშვნელოვანესია, რადგან უკვე 40 წლისაა.
მსოფლიოს ჩემპიონის გადაწყვეტილების შესაძლო მიზეზად მავანნი მოკრივის დოპონგთან დამოკიდებულებასაც ასახელებენ. ჯერ კიდევ ბრძოლის მეორედ გადადებამდე, ავტორიტეტულმა ბრიტანულმა გამოცემამ "დეილი მირორმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2015 წლის მარტში აღებულმა დოპინგ-ტესტმა ტაისონ ფიურის სისხლში აკრძალული პრეპარატის - ნანდროლონის კვალი აღმოაჩინა. ამჯერად დოპინგზე არავინ საუბრობს, თუმცა რა გასაკვირია, რომ ეჭვის ერთ-ერთი საფუძველი შარშანდელი სკანდალიც იყოს.
ტაისონ ფიურისა და ვლადიმერ კლიჩკოს პირველი ბრძოლა 2015 წლის 28 ნოემბერს, დიუსელდორფში გაიმართა და ფიურიმ მსაჯების გადაწყვეტილებით იმარჯვა, რითაც მას სუპერმძიმე წონაში კრივის საერთაშორისო ფედერაციის (IBF), საერთაშორისო საკრივო ორგანიზაციის (IBO), მსოფლიოს საკრივო ასოციაციისა (WBA) და მსოფლიოს საკრივო ორგანიზაციის (WBO) ვერსიების საჩემპიონო ქამრები ჩამოართვა. მოგვიანებით, IBF-ის ტიტული ჩამოართვეს, ასევე ბრძოლისთვის თავის არიდების გამო.
ფიურის პროფესიულ რინგზე გამართული 25 ბრძოლიდან 25-ივე მოგებული აქვს. აქედან 18 ნოკაუტით. ვლადიმირ კლიჩკოს კი 68 ბრძოლიდან 64 მოუგია (53 ნოკაუტით) და 4 წაუგია.