მილანის “ინტერნაციონალემ” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს შეძენილი ბრაზილიელი თავდამსხმელი გაბრიელ ბარბოსა წარადგინა. როგორც 20 წლის გაბიგოლმა (სწორედ ასე მოიხსენიებენ ფეხბურთელს) წარდგენისას განაცხადა, მან “ინტერი” ესპანეთსა და ინგლისში თამაშს ამჯობინა – იქვე დასძინა, “ნერაძური” იტალიაში ყველაზე მაგარი გუნდიაო.
“ინტერი” ყოველთვის ჩემი პირველი არჩევანი იყო. ამაზე გავლენა გულშემატკივრებმაც იქონიეს სოციალური ქსელით. მქონდა შემოთავაზებები ინგლისიდან, ესპანეთიდან, მაგრამ ყველასადმი პატივისცემის მიუხედავად, მე მოვედი იტალიის საუკეთესო გუნდში და ბედნიერი ვარ ჩემი არჩევანით. “ინტერი” დიდი გუნდია, დიდი მწვრთნელით და დიდი სამომავლო პროექტით”, - განაცხადა გაბიგოლმა.
შეგახსენებთ, 20 წლის ბრაზილიელი აქამდე “სანტოსის” ღირსებას იცავდა, რომლის რიგებშიც ბოლო სამ წელიწადში ჩატარებულ 154 თამაშში 56 გოლის გატანა მოახერხა. რაც შეეხება ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს, “სელესაოს” რიგებში გაბიგოლმა 4 შეხვედრაში თავი ორჯერ გამოიჩინა, ხოლო რიოს ოლიმპიურ თამაშებში ოქროს მედალიც მოიგო 23-წლამდე ნაკრებში, რომელსაც აღნიშნულ ტურნირზე 6 მატჩში გატანილი 2 გოლით შეეწია.