ფეხბურთი

14:02 | 22.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

საფეხბურთო კლუბ მარტვილის „მერანის“ განცხადება

საფეხბურთო კლუბი მარტვილის „მერანი“, სადისციპლინო და საფეხბურთო დავების კომიტეტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს. საქმე ეხება საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის მე-4 ტურის მატჩს, რომელიც 8 სექტემბერს მარტვილის „მერანისა“ და რუსთავის „რუსთავის“ მონაწილეობით გაიმართა.

სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით: აღნიშნული თამაშის ანგარიში გაუქმდა და ორივე გუნდს ჩაეთვალა 0:3 წაგება, დააკლდა 6-6 ქულა და დაჯარიმდა 10 000 – 10 000 ლარით.

სადისციპლინო კომიტეტის თვალსაზრისით, თითქოს „მერანი“ – „რუსთავის“ მატჩის დროს არაერთხელ მოხდა მატჩის შედეგზე მანიპულირება და რომ უეფას თაღლითური ფსონების ამოცნობის სიტემის ფარგლებში მომზადებულ საგანგებო ანგარიშში ხაზგასმულია მასპინძლის მოგებასა და 2.5 მეტ გოლზე დიდი ოდენობის თანხების დადება მატჩის მიმდინარეობის დროს, არაადეკვატურად.

სადისციპლინო კომიტეტის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების თაობაზე მარტვილის "მერანის" ხელმძღვანელობამ მედია საშუალებით შეიტყო, უეფას ანგარიში გუნდის ხელმძღვანელობას გადაეცა ფედერაციის მიერ გამართული ბრიფინგიდან 3 დღის შემდეგ, ხოლო სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება კლუბის ხელმძღვანელობას დღემდე არ ჩაბარებია. აქედან გამომდინარე, ვიდრე კლუბის ხელმძღვანელობა ფედერაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ და სამართლებრივ დასაბუთებას დღემდე არ იცნობს, იგი თავს იკავებდა ნაადრევი კომენტრებისგან და სურდა უფრო დეტალურად გაცნობოდა საქმის მასალებს, თუმცა, როგორც აღვნიშნეთ გადაწყვეტილება ჯერაც არ არის გადმოცემული, რის გამოც იძულებული ვართ, გამოვხატოთ ჩვენი წინასწარი შეფასება.

სკ მარტვილის „მერანი“ არ ეთანხმება სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებას, ვინაიდან დასახელებულ მატჩთან მიმართებით არ არსებობს არცერთი დარღვევის ფაქტი, სადაც შეიძლება გამოიკვეთოს სკ მარტვილის „მერანის“ ბრალეულობა.

რაც შეეხება უეფადან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გაგზავნილ ანგარიშს (რაპორტს), როგორც ანგარიშიდან ირკვევა, მასში საუბარი არ არის სკ ,,მერანის“ მხრიდან ჩადენილ დანაშაულზე. ანგარიშში საუბარია მხოლოდ იმ ეჭვებზე, რომელიც შეიძლებოდა გამოეწვია აღნიშნულ მატჩს.

სკ "მერანი" სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებას აუცილებლად გასაჩივრებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სააპელაციო კომიტეტში, ხოლო საჭიროების შემთხვევაში საფეხბურთო დავების განმხილველ სპორტულ ტრიბუნალში, რადგან მიგვაჩნია, რომ სფფ-ის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების კომიტეტის გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე მიღებული იქნა სათანადო გამოკვლევისა და მტკიცებულებების და აქედან გამომდინარე, სათანადო დასაბუთების გარეშე. მტკიცებულებებისა და არგუმენტების გარეშე. ამგვარმა დაუსაბუთებელმა და ნაჩქარევმა გადაწყვეტილებებმა შესაძლებელია, უმძიმესი ზიანი მიაყენოს ფეხბურთის განვითარებას, როგორც მარტვილის რაიონში ისე მთელ რეგიონში.

აქვე გვინდა, განვაცხადოთ, რომ სკ ,,მერანის“ ხელმძღვანელობა თავად არის დაინტერესებული, რათა ბოლომდე გაირკვეს უეფას ანგარიშში მითითებული ყველა საეჭვო გარემოება და ამ მიზნით, ის ყოველმხრივ შეუწყობს ხელს და ითანამშრომლებს, როგორც უეფას წარმომადგენლებთან ისე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან, რათა საბოლოოდ ნათელი მოეფინოს ყველა სადავო საკითხს.

საფეხბურთო კლუბ მარტვილის “მერანის” პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.120472