ქართველი ჩოგბურთელი სოფო შაფათავა ჩინეთში იმყოფება და წარმატებულად თამაშობს გუანჟოუს საერთაშორისო ტურნირში, რომლის საპრიზო ფონდიც 250 000 დოლარია.
შაფათავამ ასპარეზობა კვალიფიკაციიდან დაიწყო, სადაც მე-7 ნომრად იყო განთესილი. სოფომ იაპონელი ნაოკო ეტო 6:0, 6:1 დაამარცხა, შემდეგ კი, პირველი რეიტინგის მქონე ჩინელ ფანგჟოუ ლიუსაც აჯობა – 4:6, 6:2, 6:3.
ქართველმა ჩოგბურთელმა ტემპი არც ძირითად ბადეში დააგდო და ამერიკელ ვანია კინგს, რომელსაც ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) რეიტინგში 81-ე ადგილი უკავია, 6:3, 7:5 სძლია, თანაც მე-2 სეტში 1:5-ს აგებდა.
აღნიშნულის წყალობით, შაფათავამ, რომელიც მსოფლიოს 235-ე ჩოგანია, 48 სარეიტინგო ქულა შეიმატა და კლასიფიკაციაში სერიოზული წინსვლა ელის.
მერვედფინალში სოფოს მეტოქე ხორვატი ანა კონიუხი იქნება. ამ უკანასკნელმა საწყის შეხვედრაში გერმანელ ტატიანა მარიას 6:2, 6:2 მოუგო.
წყვილთა ტურნირის მერვედფინალში შაფათავა და ბელარუსი ლიძია მაროზავა მე-2 განთესვის მქონე უკრაინულ დუეტს (ლიუდმილა და ნადია კიჩენოკები) გაეჯიბრნენ და 3:6, 1:6 დამარცხდნენ.