საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა და ფედერაციის წარმომადგენლებმა მედიასთან დღეს გამართულ შეხვედრაზე ევრობასკეტ 2017-ის საკვალიფიკაციო ეტაპი შეაჯამეს. განვლილი საკვალიფიკაციო ეტაპის შესახებ ილიას ზუროსმა, ირაკლი ხოშტარიამ და კოტე ტუღუშმა ისაუბრეს. ასევე კომენტარი გააკეთა პაატა ლობჟანიძემ.
“პირველ ყოვლისა მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ამ წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანა. შესარჩევ ეტაპზე ყველა მატჩი საკმაოდ კარგად ჩავატარეთ, თუმცა, მერწმუნეთ ეს ადვილი არ ყოფილა.
კონტრაქტი? – ეს ფედერაციას უნდა ჰკითხოთ. მე დიდი სიამოვნებით დავრჩები საქართველოში და აქ დიდი მიზნები მაქვს. საქართველოში მუშაობა ძალიან მომწონს, რადგან ვფიქრობ, ბერძნებს ძალიან გავხართ საქმისადმი მიდგომით – საქართველო ჩემი მეორე სახლია.
მარკოიშვილი – ამ თვეში გვექნება საუბარი მანუჩართან და გავარკვევთ მის მდგომარეობას. მისი სახით შესარჩევ ეტაპზე დიდი დანაკლისი გვქონდა. რთულია ამ ეტაპზე ვისაუბროთ ევრობასკეტზე ჩვენს შანსზე, მთავარია, ყველა კალათბურთელი ჯანმრთელად იყოს. მიზანს რაც შეეხება, ნაკრებმა უნდა ითამაშოს უკეთესი დაცვა, ვიდრე საკვალიფიკაციო ეტაპზე. ამასთან, შეტევაში მეტი სისწრაფეა საჭირო. ძალიან რთულია ეს ფილოსოფია მოკლე პერიოდში ჩამოაყალიბო. თუ გავითვალისწინებთ, რომ პირველი წელი გახლდათ, ძალიან კმაყოფილი ვარ ნაკრების თამაშით, თუმცა მჯერა, რომ მომავალში უფრო მეტი შეგვიძლია.
ზაზა – დიდი პატივია იმ მოთამაშესთან მუშაობა, რომელიც ეროვნული საკალათბურთო ასოციაციიდან ჩამოდის. შესაბამისად, ასეა ფაჩულიას შემთხვევაშიც. თამაშს აგებს გუნდი და იგებს გუნდი. როდესაც დაცავში კარგად თამაშობ, მაშინ შეტევაშიც უკეთ ასპარეზობ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ დიდი მადლობა მწვრთნელებს, გუნდს, რომელიც დამეხმარა, ამეღო ალღო ქართული მენტალიტეტისთვის. ისინი სცენის მიღმა უფრო დატვირთულად მუშაობდნენ”, - განაცხადა ილიას ზუროსმა.
ზუროსის გარდა პრესკონფერენციაზე მისმა ქართველმა ასისტენტებმა კოტე ტუღუშმა და ირაკლი ხოშტარიამაც ისაუბრეს. ორივე მათგანმა დიდი მადლობა გადაუხადა კალათბურთელებსა და იმ ადამიანებს, რომლებიც ნაკრებს გვერდში ედგნენ.
კოტე ტუღუში (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი): “ყველანი წინ ვიხედებით ამ შედეგებიდან გამომდინარე. ევროპას დავუმტკიცეთ კიდევ ერთხელ, რომ კალათბურთის თამაში შეგვიძლია. ვფიქრობ, ძალიან კარგად შეგვიძლია ფინალურ ეტაპზე გამოსვლა და ნებისმიერ გუნდთან ბოლომდე თამაში. მთავარია, ყველა მოთამაშე ჯანმრთელად გვყავდეს. დარწმუნებული ვარ, ბიჭები ყველაფერს გააკეთებენ ევროპის ჩემპიონატზე. ვინც კალათბურთშია ჩახედული, დამეთანხმება, რომ ახალი მწვრთნელის ხელში შეთამაშება მოკლე დროში არაა ადვილი, მაგრამ ილიას ზუროსი კარგად მოერგო ჩვენს მენტალიტეტს და ამან დადებითი შედეგი მოგვიტანა”.
ირაკლი ხოშტარია (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი): “დიდი მადლობა ჟურნალისტებს გვერდში დგომისთვის, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა აღვნიშნო, რომ ჩემთვის პირველი წელია ნაკრებში და საკმაოდ დიდი გამოცდილება იყო, არის და იმედია გაგრძელდება. ჩვენ ვართ ერთი გუნდი, ვმუშაობთ, როგორც ერთი გუნდი – რაც გავიარეთ უკვე წარსულია და ახლა ვეცდებით, ევრობასკეტზე წარმატებით ვითამაშოთ”.
გარდა სამწვრთნელო შტაბისა, საკვალიფკაციო ეტაპი ნაკრების გენერალურმა მენეჯერმა, პაატა ლობჟანიძემაც შეაფასა:
პაატა ლობჟანიძე (საქართველოს ნაკრების გენერალური მენეჯერი): “ყველას დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის, ამას ძალიან კარგად ვგრძნობდით. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი რთული გასაკეთებელი იყო, ორთვიანი დაუღალავი შრომის შედეგია. მონტენეგროში გამარჯვება კი, ძალიან, ძალიან ძნელი გახლდათ, მაგრამ ეს მოვახერხეთ. ძალიან დიდი მადლობა რაღა თქმა უნდა, კალათბურთელებს – დამეთანხმებით, რომ მონტენეგროსთან სტუმრად ასეთი კარგ თამაშს არ ველოდით. მადლობა ამასთან სამწვრთნელო შტაბს. დიდი მადლობა სამედიცინო სტაფს, ბიჭები, რომლებიც თითქოს არ ჩანან არსად, მაგრამ ისინი უდიდეს სამუშაოს ასრულებენ, რომ კალათბურთელები ჯანმრთელები გავიდნენ მოედანზე. მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით გამოვიდეთ და ამისთვის ენერგიას არ დავიშურებთ”.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტ 2017-ის საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით დაძლია და 2017 წლის სექტემბერში ფინალურ ეტაპზე ითამაშებს. ასეთი შედეგი კი საკალათბურთო ნაკრებმა ზედიზედ მეოთხედ აჩვენა.