ფეხბურთი

10:12 | 19.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქართული ლეგიონი კვირა დღეს
შალიმოვი: "ოქრიაშვილი? ყველანი ნახავთ"

შედგა თორნიკე ოქრიაშვილის დებიუტი "კრასნოდარში". რუსული პრემიერლიგის მატჩში, "კრასნოდარი" შინ აგებდა "როსტოვთან" და 2:1 იმარჯვა. ოქრიაშვილმა ბოლო ნახევარი საათი ითამაშა და ურიგოდ არ გამოიყურებოდა: მისმა გუნდმა ერთი გოლი პენალტით გაიტანა და ეს პენალტი ოქრიაშვილის გარღვევასა და პასს მოჰყვა.

"კრასნოდარის" მწვრთნელმა იგორ შალიმოვმა ოქრიაშვილზე თქვა: "ჩანს, რომ ბოლომდე მზად არაა. ვარჯიშებით აღიდგენს სასურველ ფორმას. ისე, "როსტოვთან" კარგად შემოვიდა, საჭირო სამუშაო შეასრულა. მისი ძლიერი მხარეები? ყველანი ნახავთ".

თორნიკეს გუნდი მეხუთე ადგილზეა.

გიორგი ლორიას "კრილია" შინ 1:2 დამარცხდა მოსკოვის ცსკა-სთან და შვიდი ტურის შემდეგ მხოლოდ 2 ქულა აქვს. ლორია ბევრ გოლს არ უშვებს, მაგრამ "კრილიას" ცოტა გააქვს - შეფარდება 3:8.

იტალიის სერია ა-ში ლევან მჭედლიძე კვლავ უთამაშებელი დარჩა. ის სათადარიგო იყო "ტორინო"-"ემპოლის" მატჩში (0:0).

სერია ც-ში კი ირაკლი შეყილაძემ კიდევ ერთხელ გაიტანა. მისმა "ტუტოჩიომ" სტუმრად "არეცოსთან" 1:2 წააგო. ქართველმა ბოლო წუთზე შეამცირა სხვაობა. შეყილაძემ ბოლო ერთ კვირაში, 3 მატჩში 4 გოლი გაიტანა.

პოლონეთში "ლეგიამ" შინ 2:3 წააგო "ზაგლებიესთან" და მე-14 (ბოლოდან მესამე) პოზიციაზეა. მართლაც რომ უცნაურია, ქვეყნის ჩემპიონი აუტსაიდერთა ზონაშია 9 ტურის შემდეგ. რატომ არ იყო განაცხადში ვაკო ყაზაიშვილი? პოლონურ პრესაში "ლეგიას" მწვრთნელ ბესნიკ ჰასის კომენტარი გამოქვეყნდა, ქართველი ჯერ კარგად არ იცნობს თანაგუნდელებსო. ისე, "დორტმუნდთან" კი ათამაშა.

ავსტრიაში ვენის "რაპიდმა" 3:0 მოუგო "მატერსბურგს" და მესამე ადგილზეა. გიორგი ქვილითაია 85-ე წუთზე შეიყვანეს მინდორზე. მას წინა შეხვედრაშიც ანალოგიური დრო დაეთმო, თუმცა ჯერ ახალწვეულია და იმედია, მომავალში უფრო მეტ გასაქანს მისცემენ.

ზაურ სვანაძის გაწვრთნილმა ბაქოს "ინტერმა" დედაქალაქურ დერბიში 2:1 მოუგო "ნეფთჩის". სვანაძის გუნდში ზურაბ ხიზანიშვილმაც ითამაშა. "ინტერი" ლიდერია, 5 მატჩში 3 მოგება და 2 ფრე აქვს.

შოთა არველაძის "მაკაბიც" ლიდერობს ისრაელში. თელავიველებმა სტუმრად 3:0 მოუგეს "ჰაპოელ რაანანას" და 4 მატჩში 10 ქულა აქვთ.

უკრაინაში სანდრო კობახიძის "ვორსკლამ" შინ 0:1 წააგო დონეცკის "შახტართან" და მეექვსზეა. კობახიძემ შეუცვლელად ითამაშა.

აი, ჯაბა ლიპარტიას "ზორიამ" კი ხმაურიანი გამარჯვება მოიპოვა, კერძოდ, კიევის "დინამოს" სტუმრად 1:0 აჯობა და მეორე ადგილზე გადავიდა. ლიპარტია სასტარტოში იყო და 63-ე წუთამდე ითამაშა.

ნორვეგიაში გიორგი გოროზიას "სტაბეკმა" მნიშვნელოვანი მოგება მიითვალა, სტუმრად 1:0 სძლია "ოდ გრენლანდს" და ბოლოდან მესამე ადგილზეა. ლიგიდან სამი გუნდი ვარდება, თუმცა ქულებში დიდი სხვაობა არაა და გოროზიას გუნდს ამ გამარჯვებით შანსი მიეცა. ქართველმა ნახევარმცველმა 76 წუთი ითამაშა.

კვიპროსზე "ერმისმა" სტუმრად 2:1 მოუგო "დოქსას" და მეექვსე საფეხურზეა. გამარჯვებულთა შორის 90 წუთი ითამაშა ირაკლი მაისურაძემ.

0.137723