6 ოქტომბერს საფრანგეთი-საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებების მატჩი გაიმართება. შეხვედრას ქალაქ ჰავრის “სტად ოკეანი” უმასპინძლებს, რომელიც 25 178 მაყურებელს იტევს. თამაში თბილისის დროით 20:45 საათზე დაიწყება.
გია გეგუჩაძის გაწვრთნილმა ნაკრებმა ევროშესარჩევში გამოსვლა დაასრულა: გუნდმა ბოლო მატჩები კარგად ჩაატარა, თუმცა მეოთხე ადგილს რომ ვერ ასცდებოდა, ეს უკვე ცხადი იყო. საფრანგეთს კი ჯგუფიდან გასვლის შანსი აქვს, რადგან მეორე ადგილზეა და ერთი ქულით ჩამორჩება ლიდერს. ეს ლიდერი კი, სრულიად მოულოდნელად, მაკედონიაა...
11 ოქტომბერს საფრანგეთის 21-წლამდელები ჩრდილოეთ ირლანდიას ესტუმრებიან ბოლო ტურში სათამაშოდ. მანამდე 5 დღით ადრე კი საქართველოსთან ექნებათ თამაში.
გეგუჩაძე საფრანგეთთან შეხვედრისთვის აღარ გამოიძახებს 1994 და 1995 წელს დაბადებულ ფეხბურთელებს, რადგან მომდევნო შესარჩევისთვის იწყებს მზადებას. შემდეგ შესარჩევში 1996 წელს დაბადებულებსა და უმცროსებს შეეძლებათ თამაში.