კალათბურთი

22:13 | 14.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ზედიზედ მე-4 ევრობასკეტისკენ!

საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მე-5 მატჩი გამართა და მე-4 გამარჯვება იზეიმა. ილიას ზუროსის შეგირდებმა სპორტის სასახლის სავსე ტრიბუნების წინ სლოვაკეთი 96:68 გაანადგურეს და ევრობასკეტ-2017-ის ფინალურ ეტაპისკენ მორიგი ნაბიჯი გადადგეს.

უფრო სწორად რომ ვთქვათ, ქართველ კალათბურთელებს ზედიზედ მე-4 ევროპირველობამდე, ფაქტობრივად აღარაფერი აშორებთ. შეგახსენებთ, რომ საკვალიფიკაციო ეტაპის ფორმატის თანახმად, ფინალის საგზურს 7 შესარჩევი ჯგუფის გამარჯვებულები მიიღებენ და მათვე 4 საუკეთესო მესამედგილოსანიც დაემატება. რადგანაც 1 ჯგუფი სამგუნდიანია, მეორეადგილონებს მე-4 პოზიციებზე გასულ ნაკრებებთან დაფიქსირებული შედეგები არ ეთვლებათ.

სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით, სასწაული უნდა მოხდეს, რომ საქართველოს ნაკრები მინიმუმ საუკეთესო მეორეადგილოსანთა შორის მაინც ვერ მოხვდეს. ამ დროისთვის ქართველებს როგორც სლოვაკეთთან, ასევე ალბანეთთან 59-ქულიანი უპირატესობა აქვთ დაფიქსირებული და მართალია, ჩერნოგორიასთან სტუმრობა ელით, ნათელია, რომ მაინც დიდ პლიუსში დარჩებიან. მიუხედავად ამისა, კარგი იქნება, თუკი ქართველები ჩერნოგორიაში რევანშს აიღებენ და ფინალურ ეტაპზე ჯგუფის გამარჯვებულის რანგში გააღწევენ, რაც ფინალური ეტაპის წინ, განთესვის დროსაც წაადგებათ.

ის, რომ საქართველო სლოვაკეთს დაამარცხებდა, თამაშამდეც ნათელი იყო, ამდენად, მთავარი ის იყო, როგორი სხვაობა დაფიქსირდებოდა. შეგახსენებთ, რომ ზუროსის შეგირდებმა სტუმრად 31 ქულით იმარჯვეს, თბილისში კი “მხოლოდ” 28 ქულიან სხვაობას დასჯერდნენ. ამასთან, თვალნათელი იყო, რომ ქართველები ბოლომდე არ იხარჯებოდნენ, ლაღად თამაშს ცდილობდნენ და ამით, სპორტის სასახლეში მრავლად მისულ ქომაგს ერთგვარად პატივიც სცეს.

მიუხედავად იმისა, რომ სლოვაკებმა სამქულიანები შესაშური სიზუსტით (24-დან 11 ჩააგდეს) ესროლეს, მათ მასპინძელთა დევნა მხოლოდ გარკვეულ მომენტებში მოახერხეს, საბოლოოდ კი, მორიგ განადგურებას ვერ გადაურჩნენ. დიდებულად ითამაშა საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა თორნიკე შენგელიამ, რომელსაც უკვე პირველი ტაიმის თავზე 24 ქულა ჰქონდა, საბოლოოდ კი, 27:54 წუთში 31 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.

აღსანიშნავია, რომ მასპინძელთაგან 7 და მეტი ქულა ერთბაშად 8 კალათბურთელმა ჩააგდო. 12 ქულის და 6 მოხსნის დასაგროვებლად მხოლოდ 11:58 წუთი ეყო გიორგი შერმადინს, მაიკლ დიქსონმა და დუდა სანაძემ 11-11 ქულა მიითვალეს, გიორგი ცინცაძეს კი იშვიათ სამმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა – 7 ქულა, 8 პასი, 9 ჩაჭრა. ტრადიციულად სარგებლიანი იყო გუნდის კაპიტანი ზაზა ფაჩულია, რომელმაც 10 ქულას 7 მოხსნა და 5 პასი წაამატა.

ახლა, ქართველი კალათბურთელები გეზს ჩეროგორიისკენ აიღებენ და საკურორტო ქალაქ ბარში F ჯგუფის ლიდერს გაეჯიბრებიან. შეგახსენებთ, რომ თბილისში გამართულ შეხვედრაში ჩერნოგორიელებმა 76:74 მოიგეს და თუკი 17 სექტემბერს დაგეგმილ მატჩშიც იმარჯვებენ, საკვალიფიკაციო ციკლის ასპროცენტიანი შედეგით დაასრულებენ.

დასასრულ ერთიც ვთქვათ. უკვე ცნობილია, იმ 14 გუნდის ვინაობა, რომლებსაც ევროპირველობაზე თამაში დაბევებული აქვთ. საკვალიფიკაციო ეტაპზე თავგამოჩენილი რუსეთის გარდა, ესენი ტურნირის მასპინძლები (ფინეთი, ისრაელი, რუმინეთი და თურქეთი) და ის გუნდები არიან, რომელთაც რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ანაც მის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზეს: ხორვატია, ჩეხეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, სერბეთი, ესპანეთი, თურქეთი.

საქართველო – სლოვაკეთი 96:68 (30:19, 21:20, 20:16, 25:13)

საქართველო: დიქსონი (29 წ. 11 ქ. 6 პ.), ფაჩულია (27 წ. 10 ქ. 7 მ. 5 პ. 2 ჩ.), ცინცაძე (33 წ. 7 ქ. 8 პ. 9 ჩ.), სანიკიძე (33 წ. 11 ქ. 8 მ. 4 პ. 3 დ.), შენგელია (28 წ. 31 ქ. 6 მ. 3 პ. 2 ჩ.); ლეჟავა (3 წ. 2.), ბოისა (3 წ.), შერმადინი (12 წ. 12 ქ. 6 მ.), სანაძე (19 წ. 7 ქ. 2 მ.), ბურჯანაძე (12 წ. 7 ქ. 6 მ. 4 ჩ.), ბექაური (1 წ.);

მწვრთნელი: ილიას ზუროსი.

სლოვაკეთი: იასი (26 წ. 3 ქ. 2 პ.), ბილიკი (25 წ. 11 ქ. 2 პ.), მილოშევიჩი (26 წ. 21 ქ. 4 მ. 2 პ.), კორნერი (25 წ. 9 ქ. 3 პ.), ბოიანოვსკი (16 წ. 3 მ.); კრაიჩოვიჩი (9 წ. 2 ქ. 3 პ.), ბალდოვსკი (15 წ. 2 ქ. 2 მ. 2 ჩ.), ბაჩანი (8 წ.), ბელავი (6 წ. 3 ქ.), ბატკა (33 წ. 9 ქ. 7 მ. 7 პ.).

მწვრთნელი: ივან რუდეჟი.

ორქულიანები: 60.8% – 44.1%, სამქულიანები: 27.8% – 45.8%, საჯარიმო სროლები: 95.0% – 71.4%, მოხსნები: 42 (15) – 22 (6), პასები: 27 – 20, შეცდომები: 19 – 24, ჩაჭრები: 20 – 9, დაფარებები: 6 – 3, ჯარიმები: 15 – 19, ქულები სწრაფი გარღვევისას: 26 – 9, უდიდესი ლიდერობა: 30 – 0, ქულები სამწამიანი ზონიდან: 56 – 22, სათადარიგოების ქულები: 26 – 20, ქულები მეტოქის შეცდომის შემდეგ: 19 – 7, ე.წ “მეორე შანსის” ქულები: 12 – 11 უდიდესი “გაქცევა”: 14:0 – 8:0, ლიდერობა დროის მხრივ: 38:58 წ. – 00:00 წ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.110489