ჩოგბურთი

10:41 | 9.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

სერენა დამარცხდა, კერბერი ნომერ პირველი ჩოგბურთელი გახდა

ამერიკის ღია პირველობის ფინალში ერთმანეთს ჩეხი კაროლინა პლისკოვა და გერმანელი ანგელიკა კერბერი შეხვდებიან.

ნახევარფინალში პლისკოვამ მსოფლიოს აწ უკვე ყოფილ პირველ ნომერს სერენა უილიამსს 6:2, 7:6 მოუგო (VIDEO). დიახ ზედიზედ 186 კვირის შემდეგ სერენამ მსოფლიო რეიტინგის ნომერი პირველი ჩოგბურთელის წოდება დაკარგა და პირველ ადგილზე გერმანელი ანგელიკა კერბერი გადავიდა, რომელმაც ნახევარფინაში კეროლაინ ვოზნიაცკის 6:4, 6:3 აჯობა. რეიტინგის ეს ცვლილებები ოფიციალურად ორშაბათს გამოქვეყნდება.

რაც შეეხება უშუალოდ ნახევარფინალურ დაპირისპირებებს. პლისკოვამ სერენას აგრესიული ჩოგბურთი შესთავაზა, უილიამსს ძირითად შემთხვევაში კაროლინას ძლიერი დარტყმების მოგერიება უწევდა, ჩეხი კარგი იყო ჩაწოდებაზე. კაროლინა მხოლოდ ერთხელ დაბრეიკდა და სერენასაც მხოლოდ ერთადერთი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩეხის ჩაწოდებაზე ამერიკელი უშანსოდ იყო, ხოლო პლისკოვამ 6 შესაძლებლობიდან სამი ბრეიკი შეასრულა. მეორე სეტის ტაი-ბრეიკზე, 6:5-ზე პლისკოვას სასარგებლოდ, სერენას ნერვებმა უმტყუნა და ორმაგი შეცდომა დაუშვა. კაროლინა პლისკოვა კარიერაში დიდი სლემი ტურნირის ფინალში პირველად გავიდა.

ანგელიკა კერბერს დანიელ კაროლინა ვოზნიაცკისთან არანაირი პრობლემები არ შექმნია, ორივე სეტის სტარტზევე ბრეიკები გააკეთა. კერბერი კაროლინასთან შედარებით ორი თავით მაღლა იდგა (VIDEO). წელს კერბერმა დიდი სლემი მესამე ტურნირის ფინალში მოახერხა გასვლა, ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო, “უიმბდონზე” სერენასთან დამარცხდა.

კერბერი ფინალში კაროლინა პლისკოვას შეხვდება. თამაში 11 სექტემბერს, თბილისის დროით 00:10 საათზეა დანიშნული. ურთიერთშეხვედრებში კერბერი პლისკოვას 4:3-ს უგებს. ანგელიკა ფინალს მოიგებს თუ წააგებს, ის ორშაბათიდან ოფიციალურად მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი გახდება.

0.2117