მსოფლიოს 2026 წლის საფეხბურთო ჩემპიონატს, შესაძლოა, სამი მასპინძელი ჰყავდეს - აშშ, კანადა და მექსიკა. ამის შესახებ ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ ისაუბრა. მსოფლიო ფეხბურთის ხელმძღვანელი მუნდიალის მონაწილეთა რაოდენობის 32-დან 40 გუნდამდე გაზრდის იდეასაც არ ივიწყებს და ამბობს, რომ ამ საკითხებს ფიფა 13-14 სექტემბერს ციურიხში დაგეგმილ სხდომაზე განიხილავს.
“ჩემთვის შეზღუდვები არ ასრებობს, თუკი ეს ფეხბურთს წაადგება. კონკაკაფის ქვეყნებს დიდი ხანია არ უმასპინძლიათ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის. ახლა ჩვენ წინადადების მისაღებად მზად ვართ. არც მონაწილეთა რაოდენობის 40 გუნდამდე გაზრდის შესახებ შემიცვლია შეხედულება. ამ ზაფხულს საფრანგეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ვნახეთ, რომ 8 გუნდის დამატებამ უდიდესი ენთუზიაზმი გამოიწვია ბევრ ქვეყანაში და ტურნირის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ მასშტაბის ტურნირი არამარტო სპორტული შეჯიბრია, უდიდესი სოციალური მნიშვნელობის მოვლენაცაა მთელს მსოფლიოში” - ციტირებს ინფანტინოს სიტყვებს სააგენტო AP-ი.