საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიადის ფინალში გავიდა. 57 კილოგრამი წონითი კატეგორიის ნახევარფინალურ დაპირისპირებაში 25 წლის ქართველმა ბულგარელი ვლადიმირ დუბოვი 8:4 დაამარცხა, არა და საწყის წუთებში გორელი ფალავანი 0:4 აგებდა.
ლონდონის ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსანი ხინჩეგაშვილი ფინალში 20 წლის იაპონელ რეი ჰიგუჩის დაუპირისპირდება. ამომავალი მზის ქვეყნის წარმომადგენელმა ირანელი ჰასან რაჰიმი 10:5 დაამარცხა. რიოს ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით ფინალური ეტაპის მატჩები თბილისის დროით 00:30 საათზე დაიწყება.