ჭადრაკი

16:23 | 19.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბერაძე ფავორიტთან დამარცხდა, ჭოლაძემ გამარჯვება იზეიმა

ინდოეთის ქალაქ ბუბანეშვარში მიმდინარე 20-წლამდე მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატის მე-10 ტურში ქართველმა ირაკლი ბერაძემ (2440) მარცხი განიცადა და ლიდერთა ჯგუფს ჩამორჩა.

ბერაძის წარუმატებლობა მოულოდნელი არ ყოფილა, რადგანაც ის შავი ფიგურებით პირველი განთესვის მქონე რუს ვლადისლავ არტემიევს (2665) ეთამაშებოდა. ირაკლი 6.0 ქულით მე-16 ადგილამდე დაქვეითდა, მე-11 ტურში კი თეთრებით ჩინელ იი ქსუს (2371) ეთამაშება.

აქვე ვთქვათ, რომ ვაჟთა ტურნირს 8.5 ქულით ამერიკელი ჯეფრი ქსიონგი (2633) ლიდერობს და ჩემპიონობასთან ძალიან ახლოსაა, რადგანაც ფინიშამდე 3 ტურით ადრე უახლოეს კონკურენტს – ხსენებულ არტემიევს ქულით უსწრებს.

გოგონათა ტურნირში 4.0 ქულით 45-ე ადგილზეა მარიამ ჭოლაძე (2077), რომელმაც მე-10 ტურში შავი ფიგურებით ყაზახი დილარა ალბეკოვა (1732) დაამარცხა. მარიამის შემდეგი მეტოქე რუმინელი დარია-იოანა ვისანესკუა (2067). შეჯიბრს სათავეში ფილიპინელი ჯანელ მაე ფრაინა (2292) უდგას 8.0 ქულით.

0.120654