საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მედიასთან შეხვედრა გამართა, სადაც მოახლოებული შესარჩევი ციკლისა და კონკრეტულად ავსტრიასთან მატჩის შესახებ ისაუბრა. სლოვაკი სპეციალისტის განცხადებით, ამ ეტაპზე მან ნაკრებში 28 ფეხბურთელს უხმო, თუმცა აღნიშნული რაოდენობა 5 სექტემბრამდე შემცირდება.
როგორც ვაისმა თქვა, ნაკრები სრული შემადგენლობით 29 აგვისტოს შეიკრიბება და ავსტრიასთან მატჩისთვის მზადებას დაიწყებს. მანვე აღნიშნა, რომ ზაფხულის განმავლობაში სისტემატურად აკვირდებოდა ეროვნული ნაკრების კანდიდატებს და ამასთან, ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი მომავალი მეტოქეების თამაშიც ნახა.
ვლადიმირ ვაისი (საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "მიხარია, რომ გარკვეული პაუზის შემდეგ დავბრუნდი საქართველოში. 29 აგვისტოს დავიწყებთ შეკრებას და სრული სერიოზულობით მოვემზადებით. ეს ჩემთვის პირველი ოფიციალური და ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია საქართველოში.
აღნიშნული პაუზის დროს კი გავემგზავრე ევროპის ჩემპიონატზე, სადაც ვნახე ჩვენი კონკურენტების თამაში კერძოდ, ავსტრიის, უელსის, ირლანდიის. მაქსიმალურად ვეცადეთ მათზე სრული ინფორმაცია მოგვეპოვებინა და დავკვირებოდით მათ სათამაშო სტილს. ამის შემდეგ დავაკვირდით საქართველოს ნაკრების შესაძლო კანდიდატებს და ვარჩიეთ გაფართოებული შემადგენლობის დასახელება. თქვენს წინაშეა 28 მოთამაშე და მათგან რამდენიმეს ბედი ჯერ კიდევ არაა გადაწყვეტილი, რადგან ზოგი უგუნდოდაა. დავაკვირდებით მათ და ამის შემდეგ საბოლოო სიას მივიღებთ.
"დინამოს" თამაშებს ყურადღებით ვაკვირდებოდი. ვუყურე კიევის "დინამოსთან" ამხანაგურ თამაშს და ასევე ევროტურნირებს. რაც შეეხება ამ გუნდიდან გამოძახებულ ფეხბურთელებს - ვერ დაგეთანხმებით, რომ ამ მოთამაშეებმა ძალიან ცუდად ითამაშეს. მეტოქის ფაქტორიც უნდა გავითვალისწინოთ, ზაგრების "დინამო" ძალიან მაღალი დონისაა. ვფიქრობ, ჯიღაურს, პაპუნაშვილს საკმაოდ კარგი მომავალი აქვთ. ამისულაშვილსა და ლობჟანიძეს რაც შეეხება, ამ ეტაპზე მათ შემცვლელს ვერ ვხედავ. თუ ვინმე გამოჩნდება, შესაძლებელია. "დინამო" საქართველოს საუკეთესო გუნდია, საქართველოს ჩემპიონია და ამიტომაცაა, რომ ბევრი ფეხბურთელი გამოვიძახე ამ კლუბიდან.
ნაკრებში სიტუაცია ისეთია, როგორც ოჯახში - თუ ბავშვი კარგად არ იქცევა, უნდა დატუქსო. მე ჩემს მოთამაშეებს ხშირად ვაკრიტიკებ, მაგრამ ამას არ ვაკეთებ უარყოფითი გაგებით. მინდა, რომ ამას დადებითი ეფექტი ჰქონდეს. თუ ფეხბურთელები შეიგნებენ, რომ დისციპლინით, თავდადებით, ემოციით თამაშით მიაღწევენ შედეგს, მაშინ ჩვენს ნაკრებს წარმატების შანსი ექნება.
ანანიძეს მცირე ტრავმა აწუხებდა და უკვე მომავალ ტურში ითამაშებს. მან ძალიან კარგად დაიწყო რუსეთის ჩემპიონატი და ეს ძალიან მახარებს. რაც შეეხება ქვილითაიას, გამოჯანმრთელებას ისიც მოასწრებს. თამაშამდე 18 დღე დარჩა და უნდა დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, როგორ და რამდენად იქნებიან მზად ფსიქოლოგიურად.
ჯაბა კანკავა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, თუმცა ახლა მზად არაა. დღემდე არ ჩაუტარებია ვარჯიში. გუშინაც ვესაუბრეთ, ის თავს ცუდად გრძნობს და ამ ეტაპზე მზად არაა სათამაშოდ. ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, რაზეც თვითონ არ უნდა საუბარი.
ჯაბა ჩვენი კაპიტანია და ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ დგება ისეთი მომენტები, როდესაც წამყვანი ფეხბურთელები გვაკლდება და მათ შემცვლელი უნდა ვუპოვოთ. ბოლო სამი თამაში კანკავას, მჭედლიძის გარეშე ვითამაშეთ. გვაქვს სხვადასხვა ვარიანტები თუ ვინ ითამაშოს. ჩვენ გვყავს დაუშვილი გუნდში, ასევე აბურჯანია და გურამ კაშიასაც შეუძლია ამ პოზიციაზე თამაში. ვნახავთ და შემცვლელს აუცილებლად მოვძებნით. ჯაბას კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ და იმედია მალე დაგვიბრუნდება.
ნაკრების პირველი მეკარე კი ამ ეტაპზე, გიორგი ლორია იქნება. ნუკრი რევიშვილი ძალიან კარგი მეკარეა, მაგრამ ტრავმა ახლახან მოირჩინა და აღდგენით პროცესშია. გიორგიმაც ტრავმის შემდეგ განაახლა თამაში და იგი ძალიან კარგ ფორმაშია. ამიტომ, ამ ეტაპზე სწორედ ლორია იქნება ჩვენი ნაკრების პირველი მეკარე", - განაცხადა ვაისმა.
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის შესარჩევ ციკლში სადებიუტო მატჩს 5 სექტემბერს, "დინამო არენაზე" გამართავს და "ჯვაროსნების" მეტოქე ავსტრიის ეროვნული ნაკრები იქნება.