ფეხბურთი

11:22 | 19.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

თავს ნუღა მოვიტყუებთ, ევროპული ფეხბურთი ჩვენთვის უცხოა...

“წლებია ყველას ვეჩხუბები, ვინც ნეგატიურადაა ქართული ფეხბურთის მიმართ განწყობილი და ყოველთვის დავდივარ სტადიონზე. იმაზეც ვჩხუბობ სტადიონს ნაადრევად რომ ტოვებენ... შემიძლია, ოპტიმისტურად ვთქვა, არაუშავს, შემდეგ წელს იზამენ რამეს-მეთქი, მაგრამ უკვე წლებია ამ ოპტიმიზმის საფუძველიც აღარ არის. შეიძლება ვცდები, მაგრამ ამ ქვეყანაზე ერთხელ ვცხოვრობ და გადავწყვიტე აღარ ვიარო არც სტადიონზე და ასეთ ფეხბურთს ტელევიზორშიც არ ვუყურო. არც შვილი ვატარო და ვასწავლო ჩვენების “ბალეშიკობა”. წლებია უკვე თითქმის არც ერთ თამაშს ვტოვებ, არც ნაკრების და არც ამ უნიჭოების. ამიერიდან არასდროს მივალ “დინამო არენაზე”. შეგიძლიათ გამლანძღოთ, მაგრამ ისედაც ცოტანი ვიყავით “დინამო არენაზე” აქამდე და დღეიდან მუდმივი გულშემატკივარი მოგაკლდათ”!

სიმართლე გითხრათ, დიდხანს ვფიქრობდი როგორ დამეწყო წერა და სწორედ ამ დროს “დინამო” თბილისის ფეისბუქგვერდზე ერთ-ერთი გულშემატკივრის კომენტარს გადავაწყდი, რომელიც გულზე ყველაზე მეტად მომხვდა. ის კომენტარი, რომლითაც ეს წერილი დავიწყე.

“დინამო” თბილისმა მორიგი ევროსეზონი დაასრულა ნაადრევად, იმაზე ადრე, ვიდრე ჩვენ გვსურს, როგორც ქართველ გულშემატკივარს სურს და რატომ მოხდა ასე? – პასუხი მარტივია: ქართული ფეხბურთი ამ ეტაპზე მზად არაა ევროპული ფეხბურთისთვის. გვინდა არ გვინდა, ეს რეალობაა და ვერც ჩვენი სურვლი შეცვლის რამეს და ვერც იმის ძახილი გაუთავებლად, არიქა, ჩვენი მიზანი ჩემპიონთა, გნებავთ ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპიაო. როგორც არ უნდა გვინდოდეს სამწუხარო რეალობა ისაა, რის წინაშეც ვიმყოფებით! და რაღა თქმა უნდა, ეს არ ეხება მხოლოდ “დინამოს”, უბრალოდ ამჯერად ჩვენი ქვეყნის ფლაგმანი მოხვდა რეალურ სივრცეში, თორემ მასთან შედარებით დანარჩენ ქართულ კლუბებში რაც ხდება და რა დღეშიც არიან, ყველამ კარგად ვიცით. ის დრო აღარაა თვალი ყველაფერზე დავხუჭოთ! კარგია, როდესაც რაღაც საქმეს ხელს კიდებ ადამიანი, მიზანი აუცილებლად უნდა დაისახო, სხვანაირად შენს მიერ ჩაფიქრებული გეგმა ვერ შესრულდება, მაგრამ ეს მიზანი რეალობისგან მოწყვეტილი არ უნდა იყოს... ჰოდა, მოდი ვთქვათ, რის საფუძველზე უნდა მოხვედრილიყო “დინამო” ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე. იქ, სადაც შემთხვევით ვერავინ ხვდება. შემთხვევით შესაძლოა მოიგო ერთი თამაში, ჰა, ორი, მაგრამ სამ-ოთხ ეტაპს ასე ვერ გაივლი – მყარი საფუძველი უნდა გქონდეს იქ რომ მოხვდე. და მაინც, იქნებ ჩვენი მთავარი პრობლემა ამ შემთხვევაში ოპტიმიზმია, ის ოპტიმიზმი, რომლითაც შევყურებთ გნებავთ ჩვენს კლუბებს, გნებავთ ერონულ ნაკრებს ყოველი ახალი შესარჩევი ციკლის წინ, მაგრამ იქნებ დავფიქრდეთ – თავს ხომ არ ვიტყუებთ?!

“დინამოს” წლეულს თავისი მიზნისკენ მიმავალ გზაზე სომხური “ალაშკერტი” შეხვდა. არაფრით გამორჩეული გუნდი, რომელიც კი ბატონო, გავიარეთ. მაგრამ მერე? ზაგრების “დინამო” – მახსოვს როგორი მოლოდინი იყო ჩვენში ამ თამაშის. ვბჭობდით, როგორ შეგვეძლო ხორვატული ბარიერის გავლა და სხვა... კი მაგრამ, როგორ? – ზაგრების “დინამო” ის გუნდია, რომლის აკადემია ევროპულ გრანდებს თითქმის ყოველ წელს ამარაგებს მინიმუმ ერთი, უკვე ჩამოყალიბებული ფეხბურთელით. ეს, ის გუნდია, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვან მატჩამდე ცოტა ხნით ადრე, 23 მილიონად(!) გაყიდოს წამყვანი მოთამაშე, მაგრამ რამე კი არ დააკლდეს, არამედ შეიმატოს... ეს, ის გუნდია, რომელსაც შეუძლია ჯგუფურ ეტაპზე სისტემატურად ითამაშოს და იცოდეს, რა ხიბლი აქვს ნამდვილ ევროპულ ფეხბურთს. და მერე პაოკი – ეს, ის გუნდია, რომელმაც ტრანსფერებში 14 მილიონი(!) დახარჯა შემადგენლობის გასაძლიერებლად და ამ დროს ჩვენს კლუბებს რამდენის გადახდა შეუძლიათ ფეხბურთელში? – ეგ კი არა, ჩვენთან ჩვეულებრივი მოვლენაა 6-თვიანი კონტრაქტები, რომლებიც როდის გაწყდება ამ დროში, კაცმა არ იცის. ამ მხრივ ერთადერთი გამონაკლისი “დინამოა”, რომელსაც შედარებით უკეთ აქვს მდგომარეობა, მაგრამ! – მაინც რთული საფიქრალია ევროსარბიელის ჯგუფში მოხვედრა, როდესაც გუნდში არ გყავს ევროპის კალიბრის მოთამაშე და ჩემი აზრით, ჩვენი ქვეყნის ჩემპიონს ასეთი არ ჰყავს. ერთხელ, იურაი იარაბეკმა თქვა, “დინამოში” საქართველოს ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელი თამაშობსო და ისინი მაღალი დონის მოთამაშეები არიანო. ამაზე, ერთ-ერთმა ჩემმა კოლეგამ ზუსტი პასუხი გასცა: იმიტომაც აგებს საქართველოს ნაკრები და “დინამოცო”... დიახ, ბატონო, ჩვენი რეალობა დღეს ასეთია – არ გვყავს ევროპული დონის ფეხბურთელები. არადა, თბილისური გუნდის ბაზა, გნებავთ აკადემია ნამდვილად ევროპული დონისაა და ეს უდაოდ რომან ფიფიას დამსახურებაა, რომელსაც ძალა, ენერგია თუ სახსრები არ დაუშურებია “დინამოს” ფეხზე დასაყენებლად და იმაშიც არ გვეპარება ეჭვი, რომ არა ის, არც ეს გუნდი იქნებოდა ასეთ დონეზე და ალბათ ვერც პლეი-ოფამდე მიაღწევდა. უბრალოდ, ვფიქრობ, ჯგუფური ეტაპი შორსაა. ჯგუფური ეტაპის მიზნად დასახვით საკუთარ თავებს ვიტყუებთ. სხვა თუ არაფერი, რთულია წარმატებაზე იფიქრო მაშინ, როდესაც გუნდი გადამწყვეტი მატჩის წინ ცენტრფორვარდის გარეშე რჩება. ცალკე საკითხია ლეგიონერები. ლეგიონერი მარტო პასპორტის მიხედვით არ უნდა ჩამოდიოდეს ქართულ გუნდებში. მეტიც, თუ უცხოელი ჩამოგვყავს ქართველს ორი თუ არა, ერთი თავით მაინც უნდა სჯობდეს...

ფეხბურთელებს თავი დავანებოთ, არც გულშემატკივრობის კულტურა გვაქვს მაინცდამაინც მაღალ დონეზე და ეს პაოკთან შეხვედრაში ნათლად გამოჩნდა. თუმცა, ეს ცალკე თემაა, ის, რაც “დინამო” – პაოკის დასრულების შემდეგ ტრიბუნაზე ხდებოდა, ანაც საერთოდ მოედანზე...

დღევანდელი რეალობა სამწუხაროა, თუმცა რეალობაა – ქართული ფეხბურთი ევროპისგან შორს დგას და კიდევ შორს იდგება თუ სისტემურად, ძირეულად რეალური ცვლილებები არ განხორციელდება. ევროპულ ფეხბურთთან მოახლოების პრეტენზია ალბათ მაშინ უნდა გვქონდეს, როდესაც საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ხალხში ინტერესს გამოიწვევს, როდესაც სტადიონები გაივსება, როდესაც თითოეული თამაში ზეიმი იქნება და არ დაველოდებით მხოლოდ ზაფხულის მოსვლას, რომ ევროპული გუნდების წინააღმდეგ თითო-ოროლა მატჩი ჩავატაროთ. როდესაც, ყოველ 6 თვეში, გნებავთ წელიწადში ერთხელ ახლიდან არ დაიწყება გუნდების შენება, როდესაც ოდნავ თავის გამოჩენის შემთხვევაში თვალ-ყური “გაქცევაზე” არ ეჭირება ფეხბურთელს და როდესაც, იარსებებს კარგი მენეჯმენტის მქონე, წელში გამართული ერთი კი არა, 6-7 გუნდი მაინც, რომელთაც ზუსტად, ნაბიჯ-ნაბიჯ ექნებათ გათვლილი არა ერთწლიანი, არამედ ხანგრძლივი გეგმა. სამწუხაროდ, დღეს ჩვენს რეალობაში ასეთი რამ არ არსებობს... გულზე ყველას გვხდება, მაგრამ სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ სასურველი რეალობა რომ მივიღოთ, თორემ ყოველ წელს უიმედო იმედით მოგვიწევს ყოფნა და ყოველ წელს ყველაფრის თავიდან დაწყება...

ჰო კიდევ, გულშემატკივარი სტადიონზე სანახაობის საყურებლად, გასამარჯვებლად მიდის. გასაგებია, რომ შესაძლოა ვერ გავიმარჯვოთ, მაგრამ როდესაც ქომაგი ხედავს, მოთამაშე მოედანზე ბოლომდე იხარჯება, ყველაფერს აკეთებს მოსაგებად, ასე თუ ისე, მაინც კმაყოფილი ტოვებს სტადიონს. მაპატიეთ, მაგრამ მე პირადად “დინამოს” ფეხბურთელებიდან ბრძოლისა და ჟინის წყურვილი ვერც ზაგრების “დინამოსთან” დავინახე და ვერც პაოკთან. სწორედ ამიტომ მოხდა, რომ ქართულმა სტადიონმა ერთი, რიგითი ქომაგი დაკარგა. არადა, ყოველთვის იმაზე არ ვწუწუნებთ, ცარიელ სტადიონზე თამაში ფეხბურთელისთვის კატასტოფააო?! – ჰოდა, ნუღა დავკარგავთ ნურავის, განა გვყავს კი ვინმე დასაკარგი?..

0.183244